მერაბ დვალიშვილი - იანთან რომ წამეგო, ალბათ თავს მოვიკლავდი [ვიდეო] #1TVSPORT

მერაბ დვალიშვილმა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და UFC-ის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი პიოტრ იანი დამაჯერებლად დაამარცხა.

ქართველმა სპორტსმენმა თავისი ერთ-ერთ უმთავრესი და პრინციპული კონკურენტის, დივიზონის ყოფილ ჩემპიონის დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

მერაბ დვალიშვილი: „ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს და ჩემს გუნდს წარმოვადგენდი, რაც დამატებით წნეხს ქმნიდა. ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ. არ მანტერესებდა სხვა არცერთი ბრძოლა, ვისთანაც არ უნდა დავმარცხებულიყავი, მაგრამ იანთან რომ წამეგო, ალბათ თავს მოვიკლავდი.

მიყვარს თავმდაბალი მებრძოლები, კარგი ადამიანები, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ იანი კარგი ადამიანია. თუმცა, ახლა ვფიქრობ, რომ სხვა მებრძოლების პატივისცემას ისწავლის.  ის ყველას ზემოდან უყურებდა.

გამარჯვება მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ მინდა. მსურს, რომ სხვას მაგალითი მივცე. მე აქ არაფრით მოვედი და ახლა ტოპში ვარ. თუ ეს მე შევძელი, შეძლებს სხვაც.

მინდა, რომ დაკავებული ვიყო და ვიჩხუბებ ყველასთან (სტერლინგის გარდა), ვისაც UFC შემირჩევს.

ვიცი, ახლა რაც ხდება ჩემს სამშობლოში, ვიცი, როგორ უხარიათ. საქართველოს ნაირ პატარა ქვეყნებში ასეთ ამბებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ქართველი მებრძოლი შეერთებულ შტატებში, ლას ვეგასში ამარცხებს რუსს, ყოფილ ჩემპიონ პიოტრ იანს. ვიცი, რომ უკრაინიდან ბევრი მგულშემატკივრობდა.

ეს სპორტია, მაგრამ თუ სხვაგვარად არ შეგვიძლია რუსეთის შეჩერება, სპორტულ არენაზე მაინც უნდა შევაჩეროთ. მინდა, ვუთხრა უკრაინელ ხალხს – გაძლიერდით, მიიღეთ ჩემი დიდი პატივისცემა და იმედი მაქვს, რომ ეს ომი ძალიან მალე დასრულდება და მშვიდობა დაისადგურებს. ადრეც ვთქვი – მე ომის წინააღმდეგი ვარ. როცა რუსეთი საქართველოს თავს დაესხა, 17 წლის ვიყავი და ყველაფერი მახსოვს. 21-ე საუკუნეა და ომი არსად არ უნდა იყოს!“