მერაბ ჟორდანია წიგნის გამოცემას აპირებს - პატარა ლანჩხუთის გუნდმა საბჭოთა თავდაცვის სამინისტროს გუნდის უძლევლობის მითი დაასამარა #1TVSPORT
მერაბ ჟორდანია წიგნის გამოცემას აპირებს - პატარა ლანჩხუთის გუნდმა საბჭოთა თავდაცვის სამინისტროს გუნდის უძლევლობის მითი დაასამარა #1TVSPORT

თბილისის „დინამოს“, ნოდერლანდური „ვიტესის“ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი წიგნის გამოცემას აპირებს, რომელშიც ორ ისტორიულ გამარჯვებაზე მოგვითხრობს.

„(მერაბ ჟორდანია) დიდხანს ფიქრობდა და საბოლოოდ გადაწყვიტა ავტობიოგრაფიული წიგნის დაწერა. მარტის სანაკრებო თამაშების წინ სურს წარმოგიდგინოთ ორი მნიშვნელოვანი შეხვედრის ისტორია.

მათგან პირველი 1989 წლის 15 მაისს გაიმართა, ეს იყო ლანჩხუთის „გურიასა“ და ცსკა-ს დაპირისპირება, რომელიც 1989 წლის 9 აპრილს სისხლიანი მოვლენების შემდეგ ლანჩხუთში გაიმართა და და ისტორიული გამარჯვებით დასრულდა.

მეორე მატჩი 2003 წლის 30 აპრილს პოლიტიკურად ასევე ძალზე დაძაბულ დროს შედგა. საქართველოს ნაკრები რუსეთის გუნდს შეხვდა და თამაშის დაწყებიდან სადღაც 20 წუთში სტადიონზე შუქი ჩაქრა, ეს ის გამარჯვებებია, რომლებიც თავად ფეხბურთელებმა მოედანზე თავგანწირვის სანაცვლოდ მიიღეს“, – წერია მერაბ ჟორდანიას ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

მერაბ ჟორდანია ამ ისტორიას ასე იხსენებს: „შეიძლება გადაჭარბებული ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ თუ თეატრალური თვალსაზრისით შევაფასებთ, ორივე შემთხვევაში მე ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი ვიყავი. ლანჩხუთის „გურიასა“ და მოსკოვის ცსკა-ს მატჩის მონაწილე ქართველი ფეხბურთელები და კლუბის იმდროინდელი ხელმძღვანელობა სულ მცირე იმას მაინც იმსახურებს, რომ მათმა შვილებმა და ფეხბურთის ნამდვილმა ქომაგებმა იცოდნენ და ახსოვდეთ, რა შეძლო მაშინ საქართველოს ერთი პატარა ქალაქის (რომლის მოსახლეობა იმ დროს 10 000-ს შეადგენდა) – ლანჩხუთის საფეხბურთო გუნდმა და როგორ დაასამარა დიდი მოსკოვის და კიდევ უფრო დიდი საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს ლეგენდარული გუნდის, ცსკა-ს უძლეველობის მითი“.