მერაბ ჟორდანია - კვარაცხელიას „აიაქსს“ ვთავაზობდით, მაგრამ ჩათვალეს, რომ ხვიჩა მათ დონეზე არ იყო #1TVSPORT
მერაბ ჟორდანია - კვარაცხელიას „აიაქსს“ ვთავაზობდით, მაგრამ ჩათვალეს, რომ ხვიჩა მათ დონეზე არ იყო #1TVSPORT

ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მერაბ ჟორდანიამ „ვიტესში“ თავისი წილი გაყიდა. ის კლუბის მფლობელი აღარ არის, მაგრამ ფეხბურთშია და ორი წლის წინ ხვიჩა კვარაცხელიას ნიდერლანდებში გადასვლასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებაში მთავარ როლს თამაშობდა, – ამის შესახებ გამოცემა Voetbal International-ი წერს.

„ცოტა ხნის წინ ჟორდანიას საქართველოში Voetbal International-ი ეწვია. საუბრისას გაირკვა, რომ ის ახლა სამენეჯერო საქმიანობას ეწევა.

სულ უფრო მეტი ქართველი ტალანტი ახერხებს ევროპული ფეხბურთის „ფანჯარაში“ მოხვედრას და ჟორდანიას მიაჩნია, რომ ახალგაზრდა მოთამაშეებს მისი ფართო კავშირები გამოადგებათ.

ყველაფერი „ნაპოლის“ ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ დაიწყო. ნეაპოლში სადებიუტო სეზონში 22 წლის შემტევმა უკვე მოიპოვა მეტსახელი – „კვარადონა“. ჟორდანიას მარცხენა გარემარბის შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარება: „ჩემთვის ის მსოფლიოში საუკეთესოა თავის პოზიციაზე, შესაძლოა, ვინისიუს ჟუნიორთან ერთად. ის ძალიან კარგი პიროვნებაცაა და ნიდერლანდებში შეეძლო თამაში.

ჟორდანია განმარტავს, როგორ გაუშვა „აიაქსმა“ კვარაცხელია ხელიდან: „ხვიჩა „ნაპოლიმდე“ „აიაქსს“ შევთავაზეთ. როგორც გვეჩვენებოდა, ეს გუნდი მისთვის სრულყოფილი შუალედური ნაბიჯი იქნებოდა. ეს ორი წლის წინ მოხდა. კლუბის ხელმძღვანელებს ჩვენი სახელით ალექსანდრე ბურსაკი ესაუბრა. მათ თქვეს, რომ კვარაცხელია ჯერ ჩვენი დონისთვის მზად არააო. ახლა ნახეთ, ამ ბიჭის ტრანსფერი გაცილებით ძვირი ღირს“, – ვკითხულობთ გამოცემა Voetbal International-ში გამოქვეყნებულ წერილში.