მექვაბიშვილი ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა, მამაცაშვილი და კაკაბაძე საუკეთესოები იყვნენ [ვიდეო] #1TVSPORT
საბა მამაცაშვილმა შვედეთის „სირიუსში“ გადასვლის შემდეგ ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და გუნდს „მიალბიუსთან“ საშინაო მატჩში ქულის მოპოვებაში დაეხმარა – 1:1.
29-ე ტურის შეხვედრაში 22 წლის ქართველი მცველი მასპინძლების ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და, თანაგუნდელ ჰენრიკ კასტეგრენთან ერთად, თავის გუნდში საუკეთესო შეფასება – 7.4 ქულა დაიმსახურა.
შვედეთში სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე „სირიუსი“ 41 ქულით მე-9 ადგილზეა. საბა მამაცაშვილი კი მალე ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ხორვატიასთან ევრო 2025-ის პლეი ოფის მატჩებისთვის მოემზადება.
კარგი ამბავია საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის – ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ მოედანს ანრი მექვაბიშვილი დაუბრუნდა და კრაიოვას „უნივერსიტატეას“ შემადგენლობაში ითამაშა, რომელმაც რუმინეთის ლიგა 1-ის მატჩი საკუთარ მოედანზე ბუქარესტის „სტიაუასთან“ ფრედ 1:1 დაასრულა.
„სტიაუა“ მიკულესკუს გოლით მე-17 წუთზე დაწინაურდა, 41-ე წუთზე „უნივერსიტატეას“ ვლადოიუ გაუძევეს. მექვაბიშვილი მოედანზე 57-ე წუთზე შევიდა, ხუთ წუთში კი კრაიოველებმა ალექსანდრუ კიკალდაუს ზუსტად შესრულებული პენალტით ანგარიში გაათანაბრეს და ქულა მოიპოვეს – 1:1.
პოლონეთის ჩემპიონატში ოთარ კაკაბაძე ერთ-ერთი გამორჩეული იყო „კრაკოვიაში“, რომელმაც გდანსკში აუტსაიდერი „ლეხია“ ბენჟამინ კალმანის დუბლით 2:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების მცველი დაცვაშიც საიმედოდ თამაშობდა თანაგუნდელებს შეტევაშიც აქტიურად ეხმარებოდა – სამჯერ სცადა გოლის გატანა, მაგრამ „ლეხია“ მეკარემ გადაარჩინა. საბოლოოდ, კაკაბაძემ კალმანის (8,4) შემდეგ გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება, 7.8 ქულა მიიღო.