მეორედ მიმდინარე სეზონზე - მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის თვის საუკეთესო მოთამაშეა #1TVSPORT
„მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის მარტის თვის საუკეთესო მოთამაშეა, – ინფორმაციას UNFP-ი ავრცელებს.
UNFP-ი არის საფრანგეთში მოთამაშე ფეხბურთელების პროფესიული გაერთიანება და თვის ფეხბურთელის გამოსავლენად გამოკითხვა სწორედ მან ჩაატარა.
„კენჭისყრის შედეგები შეჯამდა და საბოლოოდ, „მეცის“ ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის მარტის თვის საუკეთესო მოთამაშედ საზოგადოებისა და მისი კოლეგების ხმების წყალობით აღიარეს.
მიქაუტაძეს ერთი მიზანი აქვს – მუდმივი ზრდა და ეს ჩანს მოედანზე, სადაც ის მთელ თავის ხელოვნებასა და გულს დებს, რათა ეს ამოცანა შეასრულოს. სეზონის დასაწყისიდან 17 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.
22 წლის ფეხბურთელი საუკეთესოდ უკვე აგვისტოში დაასახელეს. მას ახლაც სამართლიანად მიენიჭა UNFP-ის თვის საუკეთესო მოთამაშის პრიზი, რაც „მეცში“ მის მნიშვნელოვან როლზე მიუთითებს. მან ჩაანაცვლა ჟან-ფილიპ კრასო, რომელმაც ჯილდო თებერვალში მოიგო. გილოცავთ, გიორგი“, – წერია საფრანგეთის ფეხბურთელთა პროფესიული გაერთიანების მიერ გავრცელებულ ცნობაში.
მიქაუტაძის აღიარებას ლიგა 2-ის ოფიციალური „ტვიტერის“ გვერდიც გამოეხმაურა: „გიორგი, საქართველო! ქართველი მიქაუტაძე, მარტში 3 გოლის და 2 საგოლე გადაცემის ავტორი, ლიგის საუკეთესო ბომბარდირი, მარტის თვის საუკეთესო მოთამაშეა“.