მეორე თამაშით სიმბოლურ გუნდში - მოისწრაფიშვილი ბელგიელებმა რჩეულებში დაასახელეს #1TVSPORT
„ბევრენის“ ნახევარმცველი გიორგი მოისწრაფიშვილი ბელგიის ჩელენჯერის პრო ლიგის მე-7 ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს – რჩეულები ბელგიური საკლუბო ფეხბურთის ვებგვერდმა, proximus-მა შეარჩია.
„დინამო თბილისიდან“ ბელგიურ „ბევერენში“ გადასულმა 22 წლის ნახევარმცველმა ახალ კლუბში მეორე შეხვედრა ჩაატარა. მას დებიუტი „ლიეჟთან“ ჰქონდა, სადაც 66-ე წუთზე შეცვალეს, „დეინცესთან“ კი გასვლაზე კვლავ ძირითად შემადგენლობაში იყო, 90 წუთი შეუცვლელად ითამაშა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
გიორგი მოისწრაფიშვილს ცნობილმა საფეხბურთო ვებგვერდმა, Flashscore-მა 7,3 ქულა დაუწერა, ხოლო საერთაშორისო ანალიტიკურმა პორტალმა Sofascore-მა – 7,5 ქულა. ქართველმა ნახევარმცველმა ახალ გუნდსა და ლიგაში პირველი გამორჩეული თამაში ჩაატარა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩელენჯერ პრო ლიგის ეს მატჩი „ბევერენმა“ 0:0 დაასრულა, ქართველი ნახევარმცველი გამოარჩიეს, რადგან გუნდის თამაშს მოერგო, შეტევებს კარგად იწყებდა, ავითარებდა და ამწვავებდა. მისი მონაწილეობით „დეინცეს“ კართან ბევრი მომენტი შეიქმნა, მაგრამ მასპინძელთა ესპანელი მეკარე ნაჩო მირასი საიმედოდ თამაშობდა და ტურის სიმბოლურ გუნდში სწორედ ამიტომ მოხვდა.
„ნახევარდაცვის ცენტრში, როგორც ყოველთვის, სივრცისთვის ბრძოლა იყო. ჩვენი ექსპერტების აზრით, კვირის გუნდში ყოფნას იბრაჰიმა სორი ბანგურა (იონგ გენკი), მატიე კაჩბახი (სერენი) და გიორგი მოისწრაფიშვილი (ბევერენი) იმსახურებდნენ“, – წერს Proximus-ი.