მეორე ოქრო თბილისის გრანდ სლემზე - სულამანიძე ტურნირის გამარჯვებულია [ვიდეო] #1TVSPORT
თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს ფინალურ ბლოკში ოთხი ქართველი გადავიდა.100კგ წონით კატეგორიაში ტურნირის ტრიუმფატორი ილია სულამანიძე გახდა. ქართველმა ფინალში მონღოლეთის წარმომადგენელს, გონჩიგსურენ ბატჰუიაგს ვაზარით სძლია და საქართველოს ნაკრებს გრანდ სლემზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა.
რამდენიმე წუთში ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული გელა ზაალიშვილი უმაღლესი სინჯის მედლისთვის თურქ მუნირ ერტუგს დაუპირისპირდება.
დღეს, ცოტა ხნით ადრე შეჯიბრებაზე 90 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა. მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა დაძაბულ ბრძოლაში ევროპის პირველობის მოქმედი გამარჯვებული ლუკა მაისურაძე დაამარცხა და თბილისის გრანდ სლემი კარიერაში პირველად მოიგო.
ფინალური ბლოკის პირდაპირი ტელერეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის გრანდ სლემზე ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე მხოლოდ ორი მედალი იყო. ტურნირზე ვერცხლის მედალი 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა, ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი გახდა.