მეორე მოგება კვარაცხელიას გარეშე - „ნაპოლი“ სერია A-ში კვლავ დაუმარცხებელია [ვიდეო] #1TVSPORT
სერია A-ს მე-14 ტურის მატჩში, ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ კვლავ ვერ დაეხმარა. მისმა გუნდმა კი „ემპოლი“ 2:0 დაამარცხა.
„ნაპოლი“ მეტოქეს „სტადიო მარადონაზე“ დაუპირისპირდა. პირველ ტაიმში ნეაპოლელებს მომენტების შექმნა უჭირდათ. „ემპოლის“ დაცვა ოსიმენმა მხოლოდ მეორე ტაიმში გატეხა – ნიგერიელმა თავდამსხმელმა 69-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, რომელიც ირვინგ ლოსანომ გაიტანა და „ნაპოლი“ დააწინაურა.
შეცვლაზე შესული ლოსანო მატჩის გმირი გახდა – 74-ე წუთზე, მასთან უხეშობისთვის, „ემპოლის“ ცენტრალური მცველი სებასტიანო ლუპერტო მოედნიდან გააძევეს და სტუმართა ამოცანა, გადაერჩინათ თამაში, ფაქტობრივად, შეუსრულებელ მისიას დაემსგავსა.
88-ე წუთზე ლოსანომ ამჯერად საგოლე გადაცემა შეასრულა. მექსიკელმა შემტევმა მარჯვენა ფლანგზე შესანიშნავად ითამაშა, მცველი ეფექტურად ჩამოიშორა და საჯარიმოში პიოტრ ზელინსკი მოძებნა, რომელმაც „ემპოლის“ კარი მეორედ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.
14 ტურის შემდეგ იტალიის ჩემპიონატში „ნაპოლი“ კვლავ დაუმარცხებელია. გუნდმა 38 ქულა დააგროვა და უკვე 9 ქულით გაასწრო „მილანს“, რომელიც ტურის მატჩს ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზესთან“ გამართავს.
შეგახსენებთ, რომ გამოცემა fantacalcio-ს ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია მკურნალობას ასრულებს, სავარაუდოდ, შემდეგ ტურში დაბრუნდება და გუნდს „უდინეზესთან“ შეხვედრაში დაეხმარება.