მეორე ფრე ამხანაგურ მატჩში - საქართველო ნიდერლანდებს ისევ დაუზავდა #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ნიდერლანდებთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და პირველი შეხვედრის მსგავსად, მეორეც ფრედ დაასრულა – 1:1.
ავთანდილ ასათიანის გუნდი რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე თამაშობდა. თუმცა, ძლიერ მეტოქეს ამჯერადაც კარგად ეთამაშა და მოგებაც შეეძლო.
საქართველოს ნაკრებმა ანგარიში 26-ე წუთზე გახსნა – გუნდი გიორგი ქურდაძემ დააწინაურა. მასპინძლებმა წონასწორობა 32-ე წუთზე აღადგინეს – გოლი ფაისალ მელაჰმა გაიტანა და ანგარიში აღარ შეცვლილა.
ნიდერლანდებთან მატჩებით საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა დაიწყო მზადება მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის – მომდევნო ოფიციალურ მატჩებში მეტოქეთა ვინაობა და მატჩების კალენდარი 6 ივლისს დაგეგმილ წილისყრაზე გაირკვევა.