მეორე აუქციონი 25 აგვისტოს გაიმართება - „ტორპედო“ კერძო საკუთრებაში, სავარაუდოდ, მაინც გადავა #1TVSPORT
მეორე აუქციონი 25 აგვისტოს გაიმართება - „ტორპედო“ კერძო საკუთრებაში, სავარაუდოდ, მაინც გადავა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივართა კლუბის, „ჩვენ ვართ ტორპედოს“ ცნობით, გუნდის გასხვისების მიზნით მეორე აუქციონი ხვალ, 25 აგვისტოს გაიმართება.

„ჩვენი ინფორმაციით, ოთხშაბათს 25 აგვისტოს ქუთაისის მერიაში ჩანიშნულია საკრებულოს სხდომა, სადაც ოფიციალურად მოხდება „ტორპედოს“ გადაცემა ახალ ინვესტორზე“, – წერია კლუბის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის „ტორპედოს“ გასხვისება 19 აგვისტოს დაინიშნა, მაგრამ ელექტრონული აუქციონი ჩაიშალა. ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ პოტენციურ ინვესტორს 15 მოთხოვნა წაუყენა, რომ კლუბის ყიდვის მსურველმა უნდა გაისტუმროს დავალიანება (2 470 000 ლარი), ხოლო 567 017 ლარი – შესყიდვაში გადაიხადოს. ეს პირობა კლუბის გამოსყიდვის მსურველებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ „ტორპედოს“ გამოსყიდვა „ნიუ ვიჟენის“ რექტორს, დავით კერესელიძესა და „ალიანს ჯგუფ ჰოლდინგის“ პრეზიდენტს, აიეტ კუკავას სურთ. ამჟამად კლუბი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზეა.

მიუხედავად ჯერ კიდევ არსებული გაურკვევლობისა, გუნდმა ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯარა“ გაძლიერების მიზნით გამოიყენა – ქუთაისის „ტორპედოს“ ბოლო შენაძენი 26 წლის ზიმბამბველი ცენტრალური მცველი ალეკ მუდიმუა, რომლის ბოლო კლუბები თურქული „ანკარასპორი” და ტირასპოლის „შერიფი“ იყო. ის 2018 წლიდან ზიმბაბვეს ეროვნული ნაკრების წევრია.