1986 წლის 22 ივნისს გაიმართა მსოფლიოს ჩემპიონატის ლეგენდარული მეოთხედფინალი არგენტინასა და ინგლისს შორის. იმ დღეს მექსიკაში ძალიან ცხელოდა, თუმცა, ამის გარეშეც „აცტეკას“ სტადიონის მინდორზე მეტისმეტად მაღალი ტემპერატურა იყო. ფოლკლენდის კონფლიქტი, რომელმაც 1982 წელს 258 ბრიტანელი და 649 არგენტინელი ჯარისკაცი იმსხვერპლა, დავიწყებული არ იყო, ამიტომაც, ორივე მხარისთვის ეს დაპირისპირება მაქსიმალურად პრინციპული უნდა ყოფილიყო. დიეგო მარადონა ამბობდა კიდეც, რომ ინგლისთან მატჩი ოთხი წლის წინ წაგებული ომისთვის შურისძიება უნდა გამხდარიყო.
შესაძლოა, ამგვარი საბრძოლო განწყობა დაეხმარა ლეგენდარულ არგენტინელს, თავის ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაეტარებინა. მთელი პირველი ტაიმი მარადონა მოსვენებას არ აძლევდა ინგლისელთა მეკარე პეტერ შილტონს, შესვენების შემდეგ კი, როგორც იქნა, „ღმერთის ხელის“ დახმარებით გაიტანა, სამი წუთის შემდეგ კი ნამდვილი სასწაული მოახდინა.
მოედნის ცენტრში ექტორ ენრიკესგან პასის მიღების შემდეგ, მარადონა მეტოქის კარისკენ გაიქცა. სანამ საჯარიმომდე მიაღწევდა, არგენტინელმა ოთხი ფეხბურთელი მოატყუა: პიტერ ბერდსლი, პიტერ რიდი, ტერი ბუტჩერი და ტერი ფენვიკი – თითოეულს დიეგომ ძალიან იოლად აუარა გვერდი. საჯარიმოში შესულმა არგენტინელმა ერთი ცრუმოძრაობით შილტონი დააწვინა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა.
„მარადონა! გენიოსი! გენიოსი! გენიოსი! მიდი, მიდი, მიდი! გოოოლ! გოოოლ! ტირილი მინდა! დიადი! ღმერთო, გაუმარჯოს ფეხბურთს! აი, გოლი! დიეგოლი! მარადონა! – იმ მომენტში სიხარულისგან ღრიალებდა ურუგვაელი კომენტატორი ვიქტორ უგო მორალესი. – ტირილი გინდება, პატიებას ვითხოვ! მარადონა, უდიადესი გარღვევა, ყველა დროის უდიადესი თამაში! პატარა კოსმოსური ფრანი, რომელი პლანეტიდან ხარ, როგორ მოატყუე ამდენი ინგლისელი? არგენტინა 2, ინგლისი 0! დიეგოლი, დიეგოლი, დიეგო არმანდო მარადონა! მადლობა, ღმერთო ფეხბურთისთვის, მარადონასთვის, ამ ცრემლებისთვის!”
ასე შეხვდა მარადონას გოლს „ბი ბი სი“-ს (BBC) კომენტატორი ბარი დევისი:
„ეს კვლავ მარადონაა. მისგან მარცხნივ ბურუჩაგა და ვალდანო. მაგრამ მას ისინი არ სჭირდება. ოჰ! შეუძლებელია ამის უარყოფა. ეს ბრწყინვალე იყო. ეჭვგარეშეა. ეს არის ნამდვილი საფეხბურთო გენიოსი!“
თავად შედევრის ავტორს მატჩის შემდეგ ჟურნალისტებმა ხელით გატანილ გოლზე დააყარეს კითხვები, ამიტომაც, მარადონა კორესპონდენტებს დიდი ენთუზიაზმით არ დალაპარაკებია. თავის შთამბეჭდავ სოლო-გარღვევას მან მეტად მოკრძალებული კომენტარი გაუკეთა.
„მომეწონა ეს გოლი. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი გოლია. ამით ჩემპიონატს ვერ მოიგებ,“ – ამბობდა მარადონა.
თუმცა, ავტობიოგრაფიაში „მე, დიეგო“, რომელიც 2000 წელს გამოვიდა, მარადონამ დაწვრილებით აღწერა, როგორ მოახერხა ინგლისური დაცვის გავლა.
„საქმე ასე იყო – დავიწყე ბურთით მოედნის ცენტრიდან, მარჯვნივ წავედი, გავიარე ბერდსლისა და რიდს შორის და კარისკენ გავიქეცი, სადამდეც ჯერ კიდევ დიდი მანძილი რჩებოდა… ცენტრისკენ გავიწიე და ბატჩერს გავცდი. სწორედ ამ მომენტიდან უკვე ვალდანოც მეხმარებოდა, რადგან ფენვიკი, რომელიც ბოლო მცველი იყო, ჩემსკენ მორბოდა! მე ველოდი, ბოლოს და ბოლოს როდის მომიახლოვდებოდა და სწორედ მაშინ მივაწოდებდი პასს ვალდანოს, რომელიც შილტონთან ერთი ერთზე დარჩებოდა… ფენვიკმა კინაღამ წამაქცია! მე წინსვლა გავაგრძელე და ახლა, ჩემს წინ შილტონი იყო… ის იმავე ადგილას იდგა, როგორც იმ ეპიზოდში „უემბლიზე“ (მარადონას მხედველობაში აქვს მომენტი ინგლისისა და არგენტინის ამხანაგური მატჩიდან, რომელიც 1980 წელს გაიმართა), იმავე წერტილში! ამჯერადაც იგივეს გაკეთებას ვაპირებდი, მაგრამ ღმერთი დამეხმარა, მან მაიძულა გამეხსენებინა… პიკი! – მე ფინტი გავაკეთე და შილტონი წამოეგო ამაზე. თითქმის პირით ხაზამდე მივედი და ბურთი ბადეში გავუშვი… სწორედ ამ დროს ბატჩერმა, ამ ძვალმსხვილმა ქერათმიანმა, რომელიც ისევ დამეწია, მთელი ძალით ფეხებში ჩამარტყა. მაგრამ უკვე აღარაფერი მაინტერესებდა… მე მთელი ჩემი ცხოვრების გოლი გავიტანე,“ – წერდა მარადონა.
არგენტინელმა აღიარა, რომ მატჩის შემდეგ ვალდანოს ელაპარაკა. დიეგომ უთხრა, რომ თვალს ადევნებდა მას და პასის მიცემა უნდოდა.
„შენ ეს გოლი გაიტანე და თან მე მიყურებდი? ალბათ დამცინი, ეს შეუძლებელია,“ – აღფრთოვანებული ამბობდა მაშინ ვალდანო.
თუმცა, ექტორ ენრიკემ, რომელიც შხაპიდან გამოვიდა, ვალდანოს აღტაცება არ გაიზიარა.
„რამდენი აღფრთოვანებაა, როგორი პატივისცემა მის მიმართ, მაგრამ მე რომ ის პასი არ გამეკეთებინა, ამ გოლს ვერ გაიტანდა,“ – ამბობდა ენრიკე. საერთოდ, ნახევარმცველს უყვარდა ამ თემაზე ხუმრობა. მოგვიანებით ის იმასაც კი ამტკიცებდა, რომ მარადონას ნამდვილად მოკლავდნენ, ასეთი პასის შემდეგ რომ არ გაეტანა.
რამდენიმე წლის შემდეგ, მარადონამ თავისი გოლის კიდევ ერთი საიდუმლო გაანდო ჟურნალისტებს, როცა ინგლისელებს კეთილშობილებისთვის ირონიულად მადლობა გადაუხადა.
„მადლობა ინგლისს! მე გავიტანე ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო გოლი, ოცნების გოლი. არ მგონია, რომ იგივე გამეკეთებინა ნებისმიერი სხვა გუნდის წინააღმდეგ – მეტოქეები, უბრალოდ, წამაქცევდნენ. როგორც ჩანს, ინგლისელები – ყველაზე კეთილშობილები არიან მსოფლიოში,“ – ხუმრობდა არგენტინელი.
თავად ინგლისელები, რა თქმა უნდა, იმედგაცრუებულნი იყვნენ გაშვებული გოლით, მაგრამ არ უარყოფდნენ არგენტინელის სიდიადეს.
ლეგენდარულმა ფორვარდმა გარი ლინეკერმა თქვა, რომ მარადონა იყო ერთადერთი მოწინააღმდეგე, რომლისთვისაც ტაშის დაკვრა მოუნდა გაშვებული გოლის შემდეგ. მას ეთანხმება ნახევარმცველი კრის უოდლი.
„მე და ჯონ ბარნსი სათადარიგოთა სკამზე ვისხედით და პირი დაგვრჩა ღია, როცა მარადონამ თავის ნახევარზე მიიღო ბურთი, ჩვენი ნახევარი გუნდი გაიარა და გოლი გაიტანა. ეს გოლი არასოდეს დამავიწყდება. ერთდროულად ტაშის დაკვრა და ტირილი მინდოდა,“ – ამტკიცებდა უოდლი.
უფრო ხატოვნად აღწერს ამ ეპიზოდს პიტერ რიდი. ის ერთ-ერთი იყო იმ ხუთ მცველს შორის, რომელსაც მარადონა გაექცა. მას შემდეგ, ინგლისელის „კოშმარებში“ არგენტინელი რეგულარულად ჩნდება.
„დღესაც კი, სამი ათწლეულის შემდეგ, უდიდეს იმედგაცრუებას ვგრძნობ იმის გამო, რომ მაშინ მარადონა ვერ გავაჩერე. მე შემეძლო გავმხდარიყავი ის, ვინც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გააჩერა, ვინც ინგლისი გამოთიშა მსოფლიოს ჩემპიონატს, რომლის მოგების შანსი გვქონდა. ჩემს სიზმრებში ისევ მივსდევ მარადონას, მაგრამ ქარი ჩემს საწინააღმდეგოდ უბერავს. მაქსიმალურად ვცდილობთ, მაგრამ არაფერი გამოდის. ვამაყობ იმით, რომ ამ უდიადესი მატჩის მონაწილე ვიყავი. მაგრამ, ამავდროულად, ძალიან მტკივნეულია ჩემთვის მისი გახსენება,“ – აღიარებდა რიდი.
მარადონას გამარჯვების გოლმა მართლაც დიდი გაკვირვება გამოწვია. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში, ტოპ-ნაკრების წინააღმდეგ შესაძლებელი იყო ბურთით ნახევარი მოედნის გარბენა და გოლი გატანა.
გულშემატკივრებს იმდენად ჩარჩათ გულში არგენტინელის გარღვევა, რომ 2002 წელს, მათ დიეგოს გოლი XX საუკუნის საუკეთესო გოლად აღიარეს.
მას შემდეგ, გრძელი რეიდებით არა ერთი გოლი გაუტანიათ – ოვაირანს, ჟერვინიოს, სონს, კოლუმბიელ ანდერსონ დიასს… მაგრამ მხოლოდ ერთ ფეხბურთელს გამოუვიდა ზუსტად მარადონას შედევრის კოპირება. რა თქმა უნდა, ეს იყო ლიონელ მესი.
2007 წელს, „ხეტაფეს” წინააღმდეგ სათასო მატჩში, ლეომ ბურთი ცენტრში მიიღო, ასევე გაიარა ხუთი მცველი, მოატყუა მეკარე და ბურთი კარში შეაგდო. 12 წლის შემდეგ, „ბარსას“ გულშემატკივრებმა არგენტინელის გოლი კლუბის ისტორიაში საუკეთესოდ აღიარეს.