მენეჯერი, რომელმაც მარადონა „ნაპოლიში“ ჩაიყვანა - კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, დიდი ფეხბურთელი რომ გახდეს #1TVSPORT
ცნობილმა იტალიელმა საფეხბურთო მენეჯერმა, ლუჩიანო მოჯიმ „რადიო გოლთან“ სატრანსფერო ბაზარზე მომხდარ სიახლეებზე ისაუბრა და „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლასაც შეეხო.
„ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა მენეჯერმა 21 წლის ქართველი ფეხბურთელის მომავალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მას დიდი პოტენციალი გააჩნია.
„ნაპოლიმ“ ჩემპიონობა წააგო, მიუხედავად იმისა, რომ, ჩემი აზრით, უძლიერესი გუნდი ჰყავს. არ მინდა, ვინმეზე ცუდი ვილაპარაკო, მაგრამ ამაზე ლუჩიანო სპალეტის გარკვეული პასუხისმგებლობა რომ ეკისრება, ეს აშკარაა. მე არასოდეს გავუშვებდი ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან ინსინიე და მერტენსი. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ის მართლაც ძალიან კარგი გარემარბია, მაგრამ ტაქტიკური თვალსაზრისით მოთვინიერება დასჭირდება. მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ იყოს დიდი ფეხბურთელი, აქვს ძალიან ძლიერი ფეხები, ის მოედანზე საუკეთესო უნდა იყოს“, – ამბობს მრავლისმნახველი ლუჩანო მოჯი.
ლუჩიანო მოჯი იტალიურ ფეხბურთში დიდი ფიგურა იყო. 1970-იანი წლების დასაწყისში, „იუვენტუსში“ პატარა თანამდებობაზე დანიშნეს, 1994 წელს კი გენერალური დირექტორი გახდა. მუშაობდა და თანამშრომლობდა რამდენიმე გუნდში – „ტორინო“, „ნაპოლი“, „რომა“ და „ლაციო“. მის ვაჟი, ალესანდრო ბევრი ცნობილი ფეხბურთელისა და მწვრთნელის აგენტია, აგრეთვე, ფეხბურთის აგენტებისა და მენეჯერების კონსორციუმის (GEA World) ხელმძღვანელი, რომელიც ტრანსფერების მოცულობით 2002 წლიდან 2006 წლამდე მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო.
2006 წელს ის გამოვლინდა, როგორც ცენტრალური ფიგურა „კაჩოპოლოში“ და ამ დიდი სკანდალის გმირს სამუდამოდ აეკრძალა ფეხბურთში საქმიანობა. ახლა ექსპერტია გაზეთ „ლიბეროსა“ და ტელეარხ Telecapri Sport-ზე, ასევე თანამშრომლობს რადიო Manà-სთან, მაგრამ გარიგებულ თამაშებში მისი მონაწილეობა მოჯის საფეხბურთო გემოვნებას ვერ დააკნინებს – ფეხბურთელების ცნობა მას არ ეშლება.
აღსანიშნავია, რომ მოჯი იყო დიეგო მარადონას მეგობარი, რადგან სწორედ მან ჩაიყვანა მსოფლიო ფეხბურთის არგენტინელი ლეგენდა 1984 წელს „ბარსელონადან“ „ნაპოლიში“, სადაც მაშინ გენერალური დირექტორი გახლდათ და მას შემდეგ ახლო ურთიერთობა ჰქონდათ.