მენეჯერი, რომელიც კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობდა - ხვიჩა ხორვატი ან სერბი რომ ყოფილიყო, 20 მილიონზე მეტსაც გადაიხდიდნენ #1TVSPORT
მენეჯერი, რომელიც კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობდა - ხვიჩა ხორვატი ან სერბი რომ ყოფილიყო, 20 მილიონზე მეტსაც გადაიხდიდნენ #1TVSPORT

საფეხბურთო აგენტმა კრისტიან ემილმა ტრანსფერების ექსპერტ ფაბრიციო რომანოსთან ინტერვიუში თქვა, რომ რამდენიმე კლუბმა ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას აყვანის შანსი დაკარგა.

სეზონის სტარტზე „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც იტალიელებს ზაფხულში ბათუმის „დინამოდან“ 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, 17 მატჩში უკვე 8 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.

საფეხბურთო მენეჯერი კრისტიან ემილი ხვიჩას ტრანსფერზე მისი „რუბინში“ თამაშის დროს ყაზანელთა მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის რეკომენდაციით მუშაობდა. მან ფაბრიციო რომანოსთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რამდენიმე ევროპულმა კლუბმა კვარაცხელიას აყვანაზე უარი მისი ეროვნების გამო თქვა.

„ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ მართლაც ბევრი კლუბი იყო დაინტერესებული – გერმანიასა და იტალიაში ეს ტრანსფერი საკმაოდ რეალური გახლდათ. ყოველთვის, როცა მის აყვანას კლუბს ვთავაზობდით, ყველა ხედავდა, რომ ხვიჩას კლასი ჰქონდა. მაგრამ ერთია, რომ მოთამაშეში ხარისხი დაინახო და მეორეა, მასში თანხა გადაიხადო.

თავის დროზე ყაზანის „რუბინი“ 20 მილიონ ევროს ითხოვდა. ვფიქრობ, კორონავირუსის დროს კლუბები არ იყვნენ დარწმუნებულები, რომ ამ ფულის დახარჯვა მიზანშეწონილი იყო მოთამაშეში, რომელიც ისეთ დიდ საფეხბურთო ქვეყანას არ წარმოადგენდა, როგორიც ბრაზილია ან საფრანგეთია.

ჩემი აზრით, კვარაცხელია ხორვატი ან სერბი რომ ყოფილიყო, მაშინ 20 მილიონზე მეტ ფასადაც გაიყიდებოდა“, – თქვა ემილმა ფაბრიციო რომანოს „იუთუბ“-არხთან ინტერვიუში.