მენეჯერი ლაშა ოდილაძე - ჯერ უცნობია, დარჩება თუ არა ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეში“ #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძის მენეჯერმა, ლაშა ოდილაძემ ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და დარწმუნებით ვერ თქვა, დარჩება თუ არა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მეორე ბუნდესლიგის „კარლსრუეში“.
„ბუდუ შრომობს, ზედიზედ ოთხ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა, თავის შესაძლებლობებს ამტკიცებს. „კარლსრუეს“ ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად დიდი კონკურენციაა. ბუდუ მეორე მატჩია, სასტარტო თერთმეტეულის ფეხბურთელად დააწინაურეს, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
ჯერ არ ვიცით, დარჩება თუ არა „კარლსრუეში“, მაგრამ თუ ასე გააგრძელა თამაში, მის მიმართ დაინტერესება აუცილებლად იქნება. მთავარია, ითამაშოს და გოლები გაიტანოს. სხვა გუნდში გადასვლა მხოლოდ მასზე არაა დამოკიდებული, რადგან ბუდუს სატრანსფერო ფასი საკმაოდ მაღალია.
ეს საქართველოს ნაკრებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბუდუ ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წევრია. ბოლო დროს წარმატებული თამაშით ის თავდაჯერებულობას იბრუნებს და თავს უკვე კარგად გრძნობს, რაც ძალიან სჭირდებოდა“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ლაშა ოდილაძემ.
ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეს“ ძირითად შემადგენლობაში ზედიზედ მეორედ მოხვდა და ბოლო ტურშიც გაიტანა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა 15 მატჩში თავი ხუთი გოლითა და ორი საგოლე გადაცემით გამოიჩინა – აქედან ოთხი გოლი ბოლო ოთხ მატჩში გაიტანა.