მემორანდუმი რაგბის კლუბთან
მემორანდუმი რაგბის კლუბთან

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები რაგბის კლუბ „ლელო“ პარტნიორები გახდნენ.

შეხვედრა გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობაში გუბერნატორის ადმინისტრაციის აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით
გაიმართა და მუნიციპალიტეტებსა და სარაგბო კლუბ „ლელოს“ შორის მემორანდუმის გაფორმებით დასრულდა.

მცხეთა-მთიანეთის ადგილობრივ ხელისუფლებასა და სარაგბო კლუბ „ლელოს“ შორის მრავალმხრივი თანამშრომლობაა გათვალისწინებული.
მისი მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესისა და რაგბის პოპულარიზაცია და მხარდაჭერაა.

„ლელო“ ვალდებულებას იღებს, რომ დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის გათვალისწინებულია რაგბის უფასო გაკვეთილების ჩატარება, სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის სარაგბო ფესტივალების მოწყობა, პროფესიონალი სპორტსმენებისაგან ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. ასევე, ერთობლივი შეკრებების ორგანიზება და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა.

ხელმოწერის ცერემონიას მხარის გუბერნატორი, შალვა კერესელიძე დაესწრო და მხარეებს შორის დაგეგმილი მრავალმხრივი თანამშრომლობა რეგიონში სპორტის განვითარების მიმართულებით წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.

„ახალგაზრდების სპორტით დაინტერესება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და მისი პოპულარიზება თავიდან ბევრ საფრთხეს აგვარიდებს. მზად ვართ სარაგბო კლუბ „ლელოსთან“ თანამშრომლობის დასაწყებად. ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, ამ ინიციატივის განხორციელებას მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს“ – ამბობს მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი, შალვა კერესელიძე.

ბათუ კევლიშვილი, სარაგბო კლუბ „ლელოს“ დამფუძნებელ -: „რაგბი წინ მიდის და ახლა აუცილებელია, რომ მისი მასშტაბები გავზარდოთ. მემორანდუმი ამ მიზნისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია. მიხარია, რომ ჩვენს მიმართ ნდობა გამოავლინეს. იმედია, შედეგად ბევრი ახალი კლუბი დაფუძნდება და ბევრი ნიჭიერი მორაგბე გაიზრდება“.