მეხუთე ქართული მედალი ტოკიო 2020-ზე - ანტონ პლესნოიმ ბრინჯაოს მედალი „ასწია“ [ვიდეო] #1TVSPORT
ტოკიოს ოლიმპიადაზე ქართული დელეგაციის ყულაბაში მეხუთე მედალია. ძალოსნობაში, 96 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ანტონ პლესნოიმ.
ატაცში ანტონმა ჯერ 173 კგ დააფიქსირა, შემდეგ 177 კგ შეუკვეთა და ასწია. ის მხოლოდ ერთი კილოგრამით ჩამორჩა რობერტ სანტავის (კანადა), რომელმაც 178 კგ აიტაცა.
აკვრაში პლესნოიმ პირველ ცდაზე 206 კგ დაძლია. მეორე ცდაზე 210 კილოგრამიან შტანგასთან მივიდა, თუმცა მუხლის ტრავმის გამო სიმძიმე ფიცარნაგზე დააგდო და დარბაზიდან კოჭლობით გავიდა. ამასობაში სხვა ფავორიტებმა წონები ვერ დაძლიეს და პლესნოის მედლის მოგების შანსი გაუჩნდა. მან გმირობა ჩაიდინა – ტრავმირებული მუხლით მივიდა შტანგასთან, 210 კილოგრამს შეეჭიდა და წონა წარმატებით დაძლია.
ორჭიდის ჯამში პლესნოის შედეგი 387 კილოგრამია. სწორედ ამდენი დააფიქსირა ვენესუელელმა სანჩესმა, თუმცა მან პირველმა დაძლია 387 და ვერცხლის მედალი სამხრეთამერიკელს დარჩა.
ოქროს მედალი კი არავის დაუთმო ყატარელმა ელბახმა – 402 ორჭიდის ჯამში. ეს მაჩვენებელი ოლიმპიური რეკორდია.