საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვრისხევში საფეხბურთო მოედანი განახლდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (სფფ) აგრძელებს პროექტს, რომლის მიზანია, არც ერთი სოფელი და დასახლებული პუნქტი არ დარჩეს მოედნის გარეშე. სოფლის მოედნების რეაბილიტაციის პროექტი სფფ-ს ორგანიზებით უკვე ორი წელია, მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში რამდენიმე სოფლის მოედანი მოაწესრიგეს. ამჯერად სფფ-ს წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვრისხევს ესტუმრნენ – მათ საფეხბურთო ინვენტარი ჩაიტანეს და მოზარდებს მაისურები და ბურთები გადასცეს. მათთან ერთად მეჯვირსხევში შიდა ქართლის რწმუნებული და გორის მუნიციპალიტეტის მერი იმყოფებოდნენ.
ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა მოედანი, შეკეთდა ტაბლო, მოეწყო სათადარიგო სკამი და ყველა ის დეტალი, რომელიც სპორტული მოედნის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. ტრადიციულად, განახლებულ საფეხბურთო მოედანზე ადგილობრივებსა და ფეხბურთის ფედერაციის გუნდს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა. სფფ და ადგილობრივი მუნიციპალიტეტი საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრებთათვის სხვადასხვა საფეხბურთო ტურნირის ჩატარებას გეგმავენ.