„მეფე გიორგი“ - ქართველი „მეცის“ ქომაგებმა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აირჩიეს და მეტსახელიც შეურჩიეს #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძემ წლის ჯილდოებს კიდევ ერთი დაამატა. ქართველი ფეხბურთელი „მეცის“ გულშემატკივრებმა, გამოკითხვის საფუძველზე, სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
„სეზონის მოთამაშე – გიორგი მიქაუტაძე თქვენი რჩეულია. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის გამორჩეული სეზონისთვის ეს დამსახურებული ჯილდოა. მან გამოკითხვაში ჯალოუს, დანლისა და უდოლის აჯობა.
გიორგი მიქაუტაძე „მეცის“ შეტევის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, რომელმაც თავის კარიერაში საუკეთესო სეზონი ჩაატარა. მან 24 გოლი გაიტანა და ცხრა საგოლე გადაცემა შეასრულა“, – წერს Grenat Time-ი.
ქართველი ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი გახდა. ის სეზონის სიმბოლურ გუნდშიც დაასახელეს. „მეცის“ ოფიციალური გვერდის გამოკითხვაში ოთხჯერ აირჩიეს თვის საუკეთესო მოთამაშედ, მან უდიდესი როლი ითამაშა თავისი გუნდის საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში გადასვლაში.
საინტერესოა, რომ „მეცის“ გულშემატკივრებმა ქართველი ლიდერი სიყვარულით „Roi Georges“-ად (მეფე გიორგი) მოიხსენიეს.