მედიის ცნობით, პენტაგონი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს, რომლის მოცულობა 275 მილიონი დოლარი იქნება
პენტაგონი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს, რომლის მოცულობა 275 მილიონი დოლარი იქნება, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ესოშიეიტიდ პრესი“ ავრცელებს.
როგორც ოფიციალურმა პირებმა სააგენტოს განუცხადეს, ახალი პაკეტის შესახებ ოფიციალურ განცხადებას აშშ-ის ადმინისტრაცია დღეს გააკეთებს.
სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ძირითადი ამოცანა უკრაინისთვის უკვე მიწოდებული შეიარაღებისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მარაგის შევსება იქნება. მათ შორის იქნება „ჰაიმარსის“ სარაკეტო სისტემებისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა.
„სიენენთან“ საუბარში აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ თქვა, რომ უკრაინა სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ძალიან მალე მიიღებს.
რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო დახმარების მოცულობა 16,8 მილიარდ დოლარს შეადგენს.