სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, 2 ივლისს, მედია-ფესტივალი „ბაჩოს თასი 2019“ გაიმართა. ტურნირი სპორტული ჟურნალისტების მონაწილეობით, საქართველოს გოლფის ფედერაციის მიერ დადგენილი წესებისა და რეგლამენტის გათვალისწინებით ჩატარდა. გამარჯვებულები და პრიზიორები გამოვლინდნენ ინდივიდუალური მაჩვენებლების შესაბამისად, კაცებსა და ქალებს შორის.
ვაჟთა შორის პირველი ადგილი მოიპოვა ლაშა რამაზაშვილმა, ვერცხლის მედალი ზვიად შათირიშვილმა დაისაკუთრა, ხოლო მესამე ადგილი და შესაბამისად ბრინჯაოს მედალი – გიორგი ათაბეგაშვილმა. გოგონებში ჩემპიონი გახდა თამარ მამაგულაშვილი, ვერცხლის მედალი მერსი სულხანიშვილმა მოიპოვა, ბრინჯაო კი ანი ნადირაშვილმა.
ტურნირში მონაწილეობდნენ ქართველი სპორტსმენებიც, თუმცა მათი შედეგები ცალკე დაითვალა და საბოლოოდ გოგონებში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა – ბატუტზე მხტომელმა ლუბა გოლოვინამ, რომელიც მინსკის მეორე ევროპული თამაშების ვერცხლის პრიზიორია. ვაჟებში საუკეთესო იყო წყალბურთის ნაკრების წევრი – გიორგი ხვედელიანი. მათ გარდა, სპორტულ ჟურნალისტებთან ერთად, სპორტული მედიის საერთაშორისო დღე აღნიშნეს წყალბურთის ნაკრების კაპიტანმა – ზურაბ რურუამ, ხელბურთის ნაკრების კაპიტანმა შოთა თევზაძემ, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ვეტერანმა მოთამაშემ – ვიქტორ სანიკიძემ და ნაკრების მოთამაშემ მერაბ ბოქოლიშვილმა.
მედია-ფესტივალის გამარჯვებული და პრიზიორები დაჯილდოვდნენ შესაბამისი თასებით და ტურნირის ორგანიზატირების და მხარდამჭერი პარტნიორების მიერ დაწესებული სამახსოვრო პრიზებით. სპორტულ ჟურნალისტთა მედია-ტურნირი „ბაჩოს თასი“ სპორტის სამინისტროს მხადაჭერით 2010 წლიდან ტარდება და სპორტული გაზეთის „სარბიელის“ ჟურნალისტის, ბაჩო სვანიძის ხსოვნას ეძღვნება.
წყარო – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი