მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ 2100 წლისთვის დედამიწის ხმელეთის 40 პროცენტს მშრალი მიწები დაიკავებს — #1tvმეცნიერება
პლანეტის გათბობასთან ერთად, მრავალი მისი ყველაზე მშრალი რეგიონი კიდევ უფრო მშრალი გახდება.
როცა ეს მოხდება, მოსალოდნელია, რომ არიდული რეგიონების საზღვრები წინ წაიწევს, ლანდშაფტს გარდაქმნის და გაანადგურებს იმ მცენარეულ სიცოცხლეს, რომელსაც ამასთან შეგუება უკვე აღარ შეეძლება.
ჟურნალ Environmental Research Letters-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ამ ცვლილებების ფონზე, პროგნოზები მიუთითებს, რომ XXI საუკუნის ბოლოსთვის დედამიწის მშრალმა მიწებმა შესაძლოა პლანეტის ხმელეთის ფართობის 40 პროცენტზე მეტი დაფაროს.
რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, მკვლევრები ამბობენ, რომ კლიმატის ცვლილების ყველაზე გამოკვეთილმა კონტრიბუტორმა — ნახშირორჟანგის (CO2) დონის ზრდამ — სინამდვილეში შეიძლება შეანელოს მშრალი ზონების გაფართოება.
მშრალი ზონები არის რეგიონები, რომლებიც წყლის დიდ დეფიციტს განიცდიან, სადაც ნალექები დაბალია აორთქლებისა და ტრანსპირაციის გზით (მცენარის მიერ ფოთლებისა და ღეროების ზედაპირიდან ორთქლის სახით წყლის გამოყოფა) წყლის დანაკარგთან შედარებით.
მიუხედავად იმისა, რომ ეს კონცეპტი კარგადაა დამკვიდრებული და მეცნიერები დიდწილად თანხმდებიან, თუ სად მდებარეობს მსოფლიოს ძირითადი მშრალი მიწები — სხვაობები გაზომვის მეთოდებსა და კლიმატურ მონაცემებს შორის ნიშნავს იმას, რომ არსებითად ცვალებადი შეიძლება იყოს დედამიწის მშრალი მიწების საფარის გლობალური შეფასება.
ახალი კვლევა მეცნიერებს მოუწოდებს, რომ საერთო ენის გამოსანახავად კარგი მიზეზები არსებობს.
„წინათ უფრო ტენიან ადგილებში მშრალი ზონების გავრცელებამ შეიძლება გააუარესოს წყლის დეფიციტი, ეკოსისტემათა დეგრადაცია და გაუდაბნოება, რაც საფრთხეა გლობალური მდგრადი განვითარებისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ მშრალი მიწები ეკოლოგიურად ძლიერ მოწყვლადია, საჭიროა მათი განფენილობისა და სამომავლო გავრცელების განახლებული შეფასებები, რათა მხარი დავუჭიროთ კლიმატურ ადაპტაციას და მდგრად განვითარებას“, — წერს ჩინეთის სატყეო აკადემიის მკვლევართა ჯგუფი.
კვლევაში მეცნიერებმა განახლებული კლიმატური მოდელირება გამოიყენეს, რათა აღერიცხათ მშრალი მიწების ამჟამინდელი გადანაწილება და გაეკეთებინათ მომავალში მათი შესაძლო გავრცელების პროგნოზი.
ანალიზისთვის, მშრალი მიწები განისაზღვრა არიდულობის ინდექსის სახელით ცნობილი საზომის გამოყენებით, რაც უდრის რეგიონის ნალექების გაყოფას პოტენციურ ევაპოტრანსპირაციაზე (PET), სადაც 0,65-ზე დაბალი არიდულობის ინდექსის მქონე ტერიტორიები კლასიფიცირდება, როგორც მშრალი მიწები.
ერთი ფაქტორი, რომელსაც მშრალი მიწების პროექციების ცვალებადობაში შეაქვს წვლილი, არის ის, რომ დროთა განმავლობაში ატმოსფეროში CO2-ის მატებას გავლენა აქვს მცენარეთა ტრანსპირაციაზე – მცენარეებზე არსებული ფორები, სახელად ბაგეები, ნაწილობრივ იხურება, როცა CO2-ის დონე მაღალია.
ეს იმას ნიშნავს, რომ მცენარეები ტრანსპირაციით ჯამში ნაკლებ წყალს კარგავენ, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს პოტენციური ევაპოტრანსპირაციის გამოყენებით გამოთვლებზე — მაგრამ ჯგუფი ამბობს, რომ ეს ფაქტორი მრავალ წინა კვლევას არ გაუთვალისწინებია.
„ტრადიციული პროექციები ხშირად უგულებელყოფს CO2-ის ეფექტებს პოტენციურ ევაპოტრანსპირაციაზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არიდულობის უფრო მაღალი შეფასებები და შეცვალოს არიდულობის ცვლილების ცხელი წერტილების მახასიათებლები“, — წერენ მკვლევრები.
საკუთარ ანალიზში, მკვლევრებმა გამოიყენეს CO2-მოდიფიცირებული პოტენციური ევაპოტრანსპირაციის ჩარჩო, რომელიც მოიცავდა 1960–2023 წლების ისტორიულ მეტეოროლოგიურ მონაცემებს და შეწყვილებული მოდელების ურთიერთშედარების პროექტის (CMIP6) მეექვსე ფაზის კლიმატის მოდელებს.
მათ მიერ მიღებული შედეგები მიუთითებს, რომ 1994-2023 წლების საბაზისო მონაცემების მიხედვით, მშრალი მიწები დედამიწის მთლიანი ხმელეთის დაახლოებით 38,58 პროცენტს მოიცავდა ანტარქტიდის გამოკლებით.
არსებობს მშრალი მიწების ოთხი ქვეტიპი; მსოფლიოს მშრალი მიწების უმეტესობა მიეკუთვნება ნახევრად არიდულ ზონებს (ჯგუფის შეფასებით, ხმელეთის 14,72 პროცენტი) და არიდული ზონებს, რომლებიც ძირითადად ავსტრალიასა და ჩინეთშია და მათზე მოდის დედამიწის ხმელეთი 11,24 პროცენტი.
მშრალი სუბტენიანი ზონები ვრცლადაა ჩინეთსა და რუსეთში (6,35 პროცენტი); ალჟირში, ლიბიასა და საუდის არაბეთში კი გვხვდება ჰიპერმშრალი ზონები, რომლებზეც მოდის ხმელეთის საფარის 6,72 პროცენტი.
მკვლევრების პროექციით, მომავალში მშრალი მიწები გლობალურად გაიზრდება და 2071-2100 წლებში დედამიწის ხმელეთის 39,31 – 40,28 პროცენტს დაფარავს, იმის მიხედვით, თუ რომელი სათბურის აირის ემისიებს გამოვიყენებთ; ყველაზე მეტ ზრდას ჰიპერარიდული ზონები აჩვენებს.
მიუხედავად იმისა, რომ შემაშფოთებელი ტენდენციაა, აუცილებელია აღინიშნოს, რომ მკვლევართა მიერ გამოყენებული CO2-მოდიფიცირებული პოტენციური ევაპოტრანსპირაციის გათვლები რიცხვებს მნიშვნელოვნად დაბლა სწევს, ვიდრე ზოგიერთი სხვა შეფასება. ათი წლის წინ ჩატარებული ერთი კვლევა მიუთითებდა, რომ 2100 წლისთვის მშრალმა მიწებმა შეიძლება დედამიწის ხმელეთის 56 პროცენტი დაფაროს.
მიუხედავად ამისა, შეფასების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 40,28 პროცენტი შეესაბამება 2,37 მილიონი კვადრატული კილომეტრით ზრდას 1994–2023 წლების მაჩვენებელთან შედარებით. ეს კი უდრის ალჟირის ზომის ტერიტორიას ან ავსტრალიის ტერიტორიის დაახლოებით 30 პროცენტს.
მკვლევართა პროგნოზით, ამ საუკუნეში მშრალი მიწების ყველაზე გამოკვეთილი ცვლილებები შეეხება ავსტრალიას, შემდეგ ბრაზილიას და აფრიკის გარკვეულ ნაწილებს.
კვლევა Environmental Research Letters-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.