„მეცის“ პრეზიდენტი - მიქაუტაძე ზაფხულში დაგვტოვებს, უკვე მის შემცვლელს ვეძებთ #1TVSPORT
„მეცის“ პრეზიდენტმა, ბერნარდ სერინმა Mirabelle TV-სთან ქართველი თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე ღიად ისაუბრა და განაცხადა, რომ უკვე მის შემცვლელს ეძებს.
„ბიუჯეტი დამოკიდებულია სატრანსფერო „ფანჯრის“ შედეგებზე, რადგან გვექნება შემოსავალიც და ხარჯიც. ზოგიერთი მოთამაშე გაიყიდება. გვაქვს ორი სავარჯიშო ცენტრი, რომლებზეც მილიონები დავხარჯეთ და თანხის ამოღებას ველოდებით. ვფიქრობთ, რომ მიქაუტაძესთან დაკავშირებით შემოთავაზებები გვექნება და ის ზაფხულში დაგვტოვებს. ახლა ჩვენ ახალწვეულებს ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ვეძებთ”, – ამბობს „მეცის“ პრეზიდენტი.
როგორც გაირკვა, „მონპელიე“ ერთ-ერთია, რომელსაც ქართველის გადაბირება სურდა, მაგრამ ხელი მოეცარა. ამის შესახებ კლუბის პრეზიდენტმა, ლორან ნიკოლინიმ გადაცემა Paillade-ში ისაუბრა.
„ჩვენ თავდამსხმელის, ელი ვაჰის შემცვლელად ლიგა 2-ის სამი საუკეთესო შემტევიდან ერთ-ერთს მოვიაზრებდით. ამ სიაში იყვნენ გიორგი მიქაუტაძე („მეცი“), ჯოშ მაჯა („ბორდო“) და ჟან-ფილიპ კრასო („სენტ-ეტიენი“). მიქაუტაძე სატრანსფერო თანხის ოდენობის გამო ვერ ავიყვანეთ“, – განაცხადა „მონპელიეს“ პრეზიდენტმა.