„მეცის“ პრეზიდენტი - გავიგებთ, მიქაუტაძესთან დაკავშირებით „აიაქსს“ რა გეგმები აქვს #1TVSPORT
„მეცის“ პრეზიდენტი - გავიგებთ, მიქაუტაძესთან დაკავშირებით „აიაქსს“ რა გეგმები აქვს #1TVSPORT

ამსტერდამის „აიაქსში“ გიორგი მიქაუტაძის უთამაშებლობის გამო „მეცში“ მისი დაბრუნების სურვილი კლუბის პრეზიდენტმაც გამოთქვა – ინფორმაციას გამოცემა sofoot-ი ავრცელებს.

„სექტემბრის შუა რიცხვებიდან „მეცს“ საფრანგეთის ლიგა 1-ში თამაში არ მოუგია. მიუხედავად ბოლო ტურში „ლიონთან“ გასვლაზე ფრედ (1:1) დასრულებული შეხვედრისა, გუნდს შეტევაში დიდი პრობლემები აქვს.

ზაფხულში დამატებული თავდამსხმელები შედეგიანობით ვერ გამოირჩევიან. ამჟამად კლუბის საუკეთესო ბომბარდირები აბლი ჯალოუ და შეიკ საბალი არიან, რომლებმაც მხოლოდ ორი გოლის გატანა მოახერხეს. ამდენივე გოლი სეზონის დასაწყისში გიორგი მიქაუტაძემაც გაიტანა, რომელიც ზაფხულში „აიაქსში“ გადავიდა.

თუმცა, მიქაუტაძემ „აიაქსში“ თავის დამკვიდრება ჯერჯერობით ვერ შეძლო (მხოლოდ 165 წუთი ითამაშა, გოლი არ გაუტანია) და გასულ კვირაში ქართველი თავდამსხმელის „მეცში“ შესაძლო დაბრუნებაზეც გავრცელდა ინფორმაცია“, – წერს გამოცემა sofoot-ი.

გიორგის ტრანსფერის თაობაზე კითხვა „მეცის“ პრეზიდენტს, ბერნარ სერინისაც დაუსვეს, პასუხი კი მიქაუტაძისადმი მის დაინტერესებაზე მეტყველებს.

„მიქაუტაძე „აიაქსში“ მოწყენილია. ჩვენ დავინტერესდებით, ამსტერდამულ კლუბს მასთან დაკავშირებით რა გეგმები აქვს. თუ ზამთარში გიორგის იჯარით გაშვებას აპირებენ, ამას მივესალმებით, მაგრამ იქამდე ჯერ კიდევ დიდი დროა“, – განაცხადა „მეცის“ პრეზიდენტმა.