„მეცის“ მწვრთნელი - მიქაუტაძის პროვოცირება დაგვჭირდა, მისი რეაქციით კმაყოფილი ვარ #1TVSPORT
„მეცის“ მწვრთნელი - მიქაუტაძის პროვოცირება დაგვჭირდა, მისი რეაქციით კმაყოფილი ვარ #1TVSPORT

საფრანგეთის ლიგა 2-ში სეზონის პირველი ნაწილი დასრულდა, რომელშიც გიორგი მიქაუტაძის „მეცმა“ მესამე ადგილი დაიკავა და ლიგა 1-ში გადასვლის რეალური შანსი გააჩნია. გამოცემა Let’s Go Metz-მა ქართველი თავდამსხმელის შესახებ წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებს, რომ მიქაუტაძემ მთავარი მწვრთნელის, ლასლო ბოლონის ნდობა დაიმსახურა.

„მწვრთნელზე გაბრაზებული გიორგი მიქაუტაძე მწვრთნელის ნდობას იბრუნებს. მან ბოლო ორ ტურში ორჯერ გაიტანა, „ნიმის“ და „რუანის“ წინააღმდეგ. ამ ორ შეხვედრაში ლასლო ბოლონიმ ძირითად შემადგენლობაში ლენი ჯოზეფი აირჩია. „ნიმთან“ 78-ე წუთზე შესულმა მიქაუტაძემ 2023 წლის პირველი გოლი მატჩის ბოლოს (89-ე წუთზე) გაიტანა. მისმა კონკურენტმა ჯოზეფმა იმ საღამოს დუბლი შეასრულა. ლასლო ბოლონიმ „რუანთან“ ძირითადში ისევ ჯოზეფი დააყენა და ამით ორი კურდღელი დაიჭირა: ლენი ჯოზეფი დააჯილდოვა, ხოლო სათადარიგოთა სკამიდან მოედანზე შესულ მიქაუტაძეში სიამაყე გააღვიძა და მან კვლავ გაიტანა (90+2-ე წუთზე). გიორგი მიქაუტაძე განაწყენებული ჩანდა, სათადარიგოთა სკამზე რომ დატოვეს და სურდა, მწვრთნელისთვის დაემტკიცებინა, რომ სასტარტო შემადგენლობაში ადგილის ღირსი იყო“, – წერს პორტალი.

ქართველ თავდამსხმელზე „მეცის“ მწვრთნელმა ისაუბრა და საინტერესო ამბავი გაამხილა:

„ამ ბოლო დროს მიქაუტაძე შედარებით თავშეკავებულად იქცევა. მასში რაღაცის პროვოცირება დაგვჭირდა, რათა კარისკენ მისასვლელი გზა მოეძებნა. მისი რეაქციით ბოლო ორ მატჩში კმაყოფილი ვარ“.

გიორგი მიქაუტაძემ სეზონი კარგად დაიწყო, 6 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. ამის შემდეგ მას ჰქონდა უგოლო შვიდმატჩიანი პერიოდი. ქართველმა მსოფლიო ჩემპიონატამდე „პარიზთან“ ჰეთ-თრიქი შეასრულა. ახლა კი „მეცის“ ქართველი თავდამსხმელი 9 გოლით ლიგა 2-ის მეორე ბომბარდირია. მიქაუტაძე და მისი პარტნიორები უახლოეს მატჩს „ვალენსიენთან“ 28 იანვარს გამართავენ.