„მეცის“ მწვრთნელი მიქაუტაძეზე - გვეყო გამბედაობა გუნდში დაგვეტოვებინა მოთამაშე, ვისაც მანამდე სერიოზულად არ აღიქვამდნენ #1TVSPORT
საფრანგეთის ლიგა 1-ის ოფიციალურმა გვერდმა რუბრიკით „ვის ვუყუროთ“ გიორგი მიქაუტაძეზე წერილი გამოაქვეყნა და ქართველი თავდამსხმელის წარმატებულ სტარტზე გაამახვილა ყურადღება.
„გიორგი მიქაუტაძე ჯერ საუკეთესო ფორმაში არ არის, მაგრამ ახალ სეზონში „მეცს“ „მარსელთან“ ქულის მოპოვებაში (2:2) დაეხმარა. გასულ სეზონში 22 წლის ქართველი თავდამსხმელი 23 გოლით საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და, სავარაუდოდ, ახალ სეზონში კვლავ ის იქნება „მეცის“ შეტევის მთავარი იარაღი.
ბედნიერი ვარ მისი წარმატებით, ის ისეთი დამანგრეველი თავდამსხმელია, რომ ამას ნამდვილად იმსახურებს, – განაცხადა მიქაუტაძეზე „მეცის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლასლო ბოლონმა.
ლიონში დაბადებულმა თავდამსხმელმა უკვე დიდი გზა გაიარა. როდესაც 17 წლის ასაკში ლიონის „ოლიმპიკის“ აკადემიიდან გაუშვეს, მისთვის „მაშველი რგოლი“ „მეცი“ აღმოჩნდა, სადაც ჯერ სარეზერვო გუნდში აიყვანეს, შემდეგ კი იჯარით ბელგიურ „სერენში“ თამაშობდა. მიქაუტაძემ ბელგიაში 33 მატჩში თოთხმეტი გოლი გაიტანა. გასულ სეზონში კი „მეცმა“ დაიბრუნა, შანსი მისცა და, როგორც აღმოჩნდა, სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
გვეყო გამბედაობა, გუნდში დაგვეტოვებინა და გაგვერისკა მოთამაშით, ვისაც მანამდე სერიოზულად არ აღიქვამდნენ, – იხსენებს ბოლონი.
მოთმინებამ ქართველი ფეხბურთელისთვის შეიძლება ახალ სეზონშიც გადამწყვეტი როლი ითამაშოს: „ბელგიაში ორწლიანი იჯარა წარმატებული გამოდგა – „სერენი“ უმაღლეს ლიგაში გადავიდა. როდესაც „მეცში“ დავბრუნდი, მინდოდა, კლუბს ლიგა 1-ში გადასვლაში დავხმარებოდი და ბედნიერი ვარ, რომ ეს შევძელით“, – ამბობს მიქაუტაძე.
გიორგიმ ლიგა 1-ში პირველივე ტურში, „რენთან“ წაგებულ (1:5) შეხვედრაში საგოლე გადაცემა შეასრულა, მეორე ტურში „მარსელთან“ გოლი გაიტანა და გუნდს ქულის მოპოვებაში დაეხმარა. „მეცში“ იმედი აქვთ, რომ ქართველ თავდამსხმელს შეინარჩუნებენ და ახალ სეზონში მას დაეყრდნობიან“, – წერს ლიგა 1-ის ოფიციალური გვერდი.