მე უდიადესი ქალი ვარ - ქალთა შორის ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ბრძოლაში მამაკაცი გამოიწვია
ქალთა შორის კრივში ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა და მსოფლიოს აბსოლუტურმა ჩემპიონმა კლარესა შილდსმა ბრძოლაში გამოიწვია ბლოგერი ჯეიკ პოლი.
წინა უქმეებზე პოლმა მაიკ ტაისონისა და როი ჯონსის ბრძოლის წინ იჩხუბა – მან ნოკაუტში გაუშვა ყოფილი კალათბურთელი ნეიტ რობინსონი. შილდს მიაჩნია, რომ „იუთუბის“ ვარსკვლავი სპორტს დასცინის.
„მე, კლარესა შილდსი გავანადგურებ ჯეიკ პოლს! მას შეუძლია რინგზე 82 კილოგრამი წონით გამოვიდეს, მე კი 76 კილოგრამი ვიქნები და ყველანაირ მავნებლობას გამოვდევნი მისი სხეულიდან. ჯეიკ პოლი ფულს შოულობს, დაკავებულია საკუთარი საქმეებით, მაგრამ უმჯობესია ნამდვილი მებრძოლებისგან თავი შორს დაიჭიროს. და იგივე უნდა გააკეთოს ნებისმიერმა, ვინც იტყვის: „ჯეიკი მას გაანადგურებს, რადგან ის ქალია…“ მე უდიადესი ქალი ვარ! ასე რომ, არა, ჯეიკი ვერაფერს დამაკლებს. და თუ ის ფიქრობს, რომ მას ეს შეუძლია, მაშინ მოვიდეს ჩემთან“, – განაცხადა შილდსმა.
მოკრივე ამბობს, რომ „იუთუბერს“ ნამდვილ ბრძოლაში იწვევს და არა სპარინგში, ხოლო გამომუშავებულ თანხას ქველმოქმედებას მოახმარს.
„14 წელია კრივში ვარ, ორი ოლიმპიადა მოვიგე, მაგრამ ხალხი მაინც ჯეიკზე გააკეთებს ფსონს, რადგან ის მამაკაცია. მაგრამ თქვენ არაფერი იცით“, – ამბობს შილდსი.
ადრე ცნობილი გახდა, რომ 25 წლის ამერიკელს 2021 წელს დებიუტი ექნება შერეულ ორთაბრძოლებში.