მე ის მაგიჟებს, ჩვენი ბიზნესი განზე რომ დგას - ცხადაძე ქართულ საკლუბო ფეხბურთში პოტენციალს ხედავს
კახა ცხადაძე დარწმუნებულია, რომ ევროპის ჩემპიონატზე „ჯვაროსნების“ გასვლა ქართული საკლუბო ფეხბურთის ვითარებას სასიკეთოდ შეცვლის – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და მთავარმა მწვრთნელმა (რომელიც ამჟამად ყაზახურ „ორდაბასში“ მუშაობს) საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ განაცხადა.
კახა ცხადაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოში კარგი კლუბების შექმნის საფუძველი არსებობს.
„იმედია, საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს 12 ნოემბერს დაამარცხებს და ევროპის ჩემპიონატზე მოხვდება. დარწმუნებული ვარ, ეს ქართული საკლუბო ფეხბურთის ვითარებას სასიკეთოდ შეცვლის და ჩვენი ჩემპიონატის და კლუბების განვითარებაში სახელმწიფო და ბიზნესი ჩაერთვებიან. ის მაგიჟებს, ჩვენი ბიზნესი განზე რომ დგას. ადგილობრივი პოტენციალი გაგვაჩნია, გუნდებს ძლიერი ლეგიონერებით გაძლიერება სჭირდებათ. თორემ ვუყურებ და ვხედავ, ჩვენს გუნდებს საკმაოდ კარგი ინფრასტრუქტურა გააჩნიათ და კარგ მოედნებზე თამაშობენ“, – თქვა კახა „ტაიმაუტში“ ცხადაძემ.
ვეტერანი ქართველი მცველი ქუთაისის „ტორპედში“ არსებულ ფინანსურ პრობლემებსაც შეეხო:
„სირცხვილია, რა მდგომარეობაშიც ახლა „ტორპედო“ იმყოფება. ფეხბურთელს თუ მოეთხოვება პატრიოტიზმი, ბიზნესმენი პატრიოტი რატომ არ უნდა იყოს? აგერ, 19 წლის კვარაცხელია და ბევრი საინტერესო ახალგარზდა გამოჩნდა. თუ ამ და სხვა გუნდებს ხელშეწყობა ექნებათ, ჩვენთან კიდევ მეტი ნიჭიერი ფეხბურთელი გაიზრდება“.
კახა ცხადაძემ ევროპის ლიგაზე თბილისის „ლოკომოტივის“ თამაში გამოარჩია:
„დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ ფეხბურთში ძალიან დიდი შიდა პოტენციალია. ამის მაგალითი ევროპის ლიგაზე თბილისის „ლოკომოტივის“ გამოსვლაა, რომელმაც მწირი ბიუჯეტით ორი სერიოზული კლუბის გამოგდება მოახერხა. მადლობა გუნდს, გიორგი ჭიაბრიშვილს და მის ხელმძღვანელებს, რომლებმაც ეს მოახერხეს. მგონია, გუნდებს რამდენიმე ძლიერი ლეგიონერი რომ დაამატონ, უფრო მაღალი დონის კლუბები გვეყოლება“.