მე-16 ტური „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ - „დინამო“ ნახევარი მილიონით გამდიდრდა
28-29 მაისს, „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“, მე-16 ტურის მატჩები გაიმართება. ტური წყალტუბოს ცენტრალურ სტადიონზე დაიწყება, სადაც ქუთაისის „ტორპედოს“ გორის „დილა“ უმასპინძლებს. მიმდინარე სეზონზე გუნდები ერთმანეთს გორში დაუპირისპირდნენ და შეხვედრა ქუთაისელთა გამარჯვებით, ანგარიშით 0:2 დასრულდა. 15 ტურის შემდეგ, ქუთაისელებს 26 ქულა აქვთ და მესამე პოზიციაზე იმყოფებიან, ხოლო „დილა“ 18 ქულით მეშვიდეზეა.
„რუსთავი“ თბილისის „დინამოს“ მიიღებს და ბოლოდროინდელი წარმატებული სერიის გაგრძელებას შეეცდება, თუმცა რუსთაველებს, ტრადიციულად, თბილისელებთან უჭირთ, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს: ხუთი მატჩი და ხუთი წაგება.
„დინამო“ ამ შეხვედრას ახალი ფორმით ჩაატარებს – 2020 წლის სეზონის ბოლომდე გუნდის გენერალური სპონსორი ერთ-ერთი ტოტალიზატორი გახდა და ხელშეკრულების მიხედვით, გუნდი სპონსორისგან ნახევარ მილიონ ლარამდე დაფინანსებას მიიღებს. ასევე აღსანიშნავია ბონუს-სისტემაც, რომელიც შედეგებიდან და წარმატებული ასპარეზობიდან გამომდინარე მიიღება. ახალი პარტნიორი „დინამოს“ აკადემიის გენერალური სპონსორიც გახდა.
მოქმედი ჩემპიონი „საბურთალო“ თანაქალაქელ „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლებს. ამ დროისათვის გათამაშების ცხრილში ორხელისუფლებიანობაა. საბურთალოელები, ბათუმის „დინამოსთან“ ერთად, ჩემპიონატს 31-31 ქულით ლიდერობენ და ლიდერობის შენარჩუნებას შეეცდებიან. ხვალინდელ მატჩში გუნდს დისკვალიფიკაციამოხდილი გიორგი კოხრეიძე დაუბრუნდება. თუმცა, ოთხ-ოთხი ყვითელი ბარათები დაუგროვდათ ელვინ ტერასა და ლევან კაკუბავას, რომლებიც „ვეტერინარებთან“ მატჩს გამოტოვებენ. გუნდები სულ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს. პირველ წრეში თბილისური დერბი „საბურთალოს“ გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.
ტური 29 მაისს დასრულდება. მიხეილ მესხის სტადიონის სათადარიგო მოედანზე „ლოკომოტივი“ საჩხერის „ჩიხურას“ დაუპირისპირდება. ლევან კორღლაძის ხელმძღვანელობით თბილისელებმა გამარჯვების გემო გაიხსენეს და ახლა შანსი აქვთ, მოწინავე ხუთეულს დაუახლოვდნენ. „ჩიხურას“ კი ოთხეულში მოხვედრის შანსი აქვს. 15 ტურის შემდეგ, თბილისელები (18 ქულა) მერვე პოზიციაზე იმყოფებიან, საჩხერელები კი (22 ქულა) მეხუთეზე. ასე რომ, სატურნირო თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება.
ტურის ბოლო მატჩი ანგისაში ჩატარდება, სადაც ბათუმის „დინამო“ ბოლნისის „სიონთან“ ითამაშებს და „საბურთალოსთან“ უპირატესობის მოპოვებას შეეცდება.
სამშაბათი, 28 მაისი
ტორპედო – დილა
17:00. 26 მაისი – წყალტუბო
რუსთავი – დინამო თბ
19:00. ტექნიკური ცენტრი – რუსთავი
საბურთალო – ვიტ ჯორჯია
21:00. მიხეილ მესხი – თბილისი
ოთხშაბათი, 29 მაისი, 2019
ლოკომოტივი – ჩიხურა
18:30. მიხეილ მესხი 2 – თბილისი
დინამო ბთ – სიონი
20:30. ანგისა – ბათუმი