მძლეოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი ეკვადორში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს #1TVSPORT
შაბათს ტრაგიკულად დაიღუპა ცნობილი ეკვადორელი მძლეოსანი ალექს კინონიესი, – დაწერა გამოცემა El Mundo Deportivo-მ. სპორტსმენი 32 წლის იყო.
წყაროს ცნობით, კინონიესი და მისი მეგობარი ქალაქ გუაიაკილის ერთ-ერთ ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ინფორმაცია დაადასტურა გუაიასის პროვინციის სპორტული ფედერაციის პრეზიდენტმა რობერტო იბანიესმა.
რამდენიმე დღის წინ, ეკვადორში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს კრიმინალისა და ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ყველაზე პრობლემური პროვინცია სწორედ გუაიასია, სადაც ძალადობის, ძარცვის, მკვლელობისა და იარაღის უკანონო ბრუნვის ზრდა შეიმჩნევა. სამხედროები და პოლიცია 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ ქუჩებში მოქალაქეების დასაცავად, მაგრამ ამან მძლეოსანს არ უშველა.
კინონიესის ყველაზე დიდი წარმატება იყო მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზე 200 მეტრზე რბენაში ბრინჯაოს მედალი და იმავე წელს პანამერიკულ თამაშებზე გამარჯვება. მას მონაწილეობა უნდა მიეღო ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში, მაგრამ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა აუკრძალა იაპონიის დედაქალაქში გამგზავრება იმის გამო, რომ სპრინტერი გეგმიურ დოპინგ-კონტროლზე არ გამოცხადდა.