ჟურნალმა Sports Medicine-მა მძლეოსნობაში დოპინგის პრობლემების თემაზე მეცნიერთა კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
სააგენტო “როიტერი” აღნიშნავს, რომ კვლევა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოსა და მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის დაკვეთით ჩატარდა.
მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონატის 1203 მონაწილე და 2011 წლის პანარაბულ თამაშების 965 სპორტსმენი ანონიმურ გამოკითხვას დათანხმდა.
მსოფლიოს ჩემპიონატზე აკრძალული პრეპარატების გამოყენება აღიარა გამოკითხულთა 44-მა პროცენტმა, პანარაბულ თამაშებზე – 57-მა პროცენტმა.
“ასეთ მაღალ მაჩვენებლებს არ ველოდით. ჩატარებული კვლევის შედეგად, ამგვარი სიტუაცია შემიძლია დავახასიათო, როგორც ეპიდემია. გამოდის, რომ მძლეოსნობაში საერთაშორისო ტურნირების მონაწილეთა ნახევარი ამა თუ იმ სახის დოპინგს იყენებს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამ სფეროში სერიოზული პრობლემაა შექმნილი”, – თქვა ერთ-ერთმა მკვლევარმა, ჩრდილოეთ კოლორადოს უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელმა ჯეი შაფერმა.