მბაპემ დუბლი შეასრულა, ჟირუ საფრანგეთის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა - მოქმედმა ჩემპიონებმა პოლონეთი დაამარცხეს [ვიდეო] #1TVSPORT
მბაპემ დუბლი შეასრულა, ჟირუ საფრანგეთის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა - მოქმედმა ჩემპიონებმა პოლონეთი დაამარცხეს [ვიდეო] #1TVSPORT

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალურ მატჩში ერთმანეთს საფრანგეთი და პოლონეთი დაუპირისპირდნენ. რა თქმა უნდა, ფავორიტებად მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები მიიჩნეოდნენ, მაგრამ პირველმა ტაიმმა თითქმის თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა. პოლონელები არაფერის  დათმობას არ აპირებდნენ, მოედნის ყველა მონაკვეთზე აქტიურობდნენ და სახიფათოდაც უტევდნენ. 37-ე წუთზე პოლონელების შეტევისას საფრანგეთის ნაკრების კარი აშკარა გოლს რამდენიმეჯერ გადაურჩა. თუმცა ანგარიში მაინც ფრანგებმა გახსნეს.

პირველი ტაიმის მიწურულს, 44-ე წუთზე ოლივიე ჟირუმ კილიან მბაპეს გადაცემით ისარგებლა და საფრანგეთი დააწინაურა. აღსანიშნავია, რომ ეს ჟირუს 52-ე გოლია ეროვნულ ნაკრებში, რომლითაც ტიერი ანრის გადაუსწრო და საფრანგეთის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მატჩის მეორე ნახევარში საფრანგეთის უპირატესობა გამოიკვეთა. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები ბურთს აკონტროლებდნენ და მეკარე შჩესნის ავწიროვებდნენ. თავის მხრივ, პოლონელებიც ცდილობდნენ თამაშის გადარჩენას, მაგრამ მათი მცდელობები უშედეგოდ სრულდებოდა. 74-ე წუთზე ფრანგებმა სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს, კილიან მბაპე რამდენიმე წამში მეტოქის საჯარიმოში გაჩნდა და შესანიშნავი დარტყმით შჩესნის კარი აიღო – 2:0 საფრანგეთის სასარგებლოდ.

საბოლოოდ, პოლონეთის ნაკრებს იმედი ისევ მბაპემ გადაუწურა და 90+1 წუთზე დუბლი შეასრულა. დამატებულ წუთებში პოლონელებს პრესტიჟის გოლის გატანის იდეალური შესაძლებლობა მიეცათ. 90+7-ე წუთზე ფრანგების კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც რობერტ ლევანდოვსკიმ შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1. საფრანგეთის ნაკრები მეოთხედფინალში გავიდა.