მბაპე კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს - „რეალი“ მის შესაძენად ემზადება
მედიაში უკვე საკმაოდ დიდი ხანია იწერება იმის შესახებ, რომ მადრიდის „რეალი“ აქტიურად ცდილობს ფრანგი ფორვარდის, კილიან მბაპეს შეძენას.
22 წლის ფეხბურთელს „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტი 1.5 წელში ეწურება და ჯერჯერობით, ახალი პირობების შესახებ მხარეები არ შეთანხმებულან. ამის შესახებ მბაპემ „მონპელიესთან“ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ პარიზულ კლუბთან მოილაპარაკებს და გუნდში დარჩება, ეს იქნება დიდი ხნით.
„მე აქ ბედნიერი ვარ, მაგრამ კონტრაქტს თუ გავაფორმებ არ მინდა, რომ ერთი წლის შემდგომ გუნდიდან წავიდე“, – განაცხადა კილიანმა.
ესპანური გამოცემა „მარკას“ თანახმად, მბაპეს უბრალოდ დროის მოგება სურს, რომ კარგად შეხედოს სიტუაციას და რომელი პროექტიც მისთვის უფრო საინტერესო იქნება იმ გუნდში გააგრძელოს ასპარეზობა.
იმ შემთხვევაში თუ ფრანგი ფეხბურთელი პსჟ-სთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, გუნდი იძულებული იქნება ზაფხულში ფეხბურთელი გაყიდოს, რომ შემდგომ მისი უფასოდ გაშვება არ მოუწიოს.
„მარკას“ ცნობით, „რეალ მადრიდი“ მბაპესგან „სიგნალს“ ელოდება და იმ შემთხვევაში თუ პსჟ-სთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, სამეფო კლუბი მის შეძენას შეეცდება.
მბაპეთი, რა თქმა უნდა, მხოლოდ სამეფო გუნდი არაა დაინტერესებული. ფრანგ ფორვარდს არაერთი მსურველი ჰყავს, რომლებიც მზად არიან მის შესაძენად დიდი თანხა გადაიხადონ. მათ შორის კი ყველაზე მეტად „ლივერპული“ აქტიურობს, რომელიც ფეხბურთელის შეძენას ზაფხულშიც ცდილობდა.