მაურო მელუზო - კვარაცხელიას „ნაპოლიში“ ახალი სპორტული დირექტორი დანიშნეს #1TVSPORT
მაურო მელუზო - კვარაცხელიას „ნაპოლიში“ ახალი სპორტული დირექტორი დანიშნეს #1TVSPORT

„ნაპოლის“ ახალი სპორტული დირექტორის თანამდებობა „სპეციას“ ყოფილმა მენეჯერმა, მაურო მელუზომ დაიკავა, – ამის შესახებ კლუბის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა „ტვიტერზე“ დაწერა.

„მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ მაურო მელუზო „ნაპოლის“ ახალი სპორტული დირექტორი გახდა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ოჯახში, გისურვებთ წარმატებებს თქვენს საქმიანობაში“, – წერს აურელიო დე ლაურენტისი.

ნეაპოლელთა ახალი დირექტორი ამ თანამდებობაზე​ კრისტიანო ჯუნტოლის ნაცვლად დაინიშნა, რომელიც „იუვენტუსში“ გადავიდა.

საფეხბურთო კარიერის დროს მელუზო „ლაციოში“, „კრემონეზესა“ და „სალერნიტანაში“ თამაშობდა, შემდეგ კარიერა დაბალი დივიზიონის კლუბებში განაგრძო, გამოდიოდა „ფოჯაში“, „კასარანოში“, „მესინასა“ და „ფერმანაში“. ფეხბურთის თამაში 1995 წელს დაასრულა.

მელუზომ სპორტული დირექტორის კარიერა „ფოჯაში“ დაიწყო, ანალოგიურ თანამდებობაზე საქმიანობდა „პადოვაში“, „პიზაში“, „სანჯოვანესში“, „ტერამოში“, „ტერნანაში“, „ფროსინონეში“, „კოზენცაში“, „ლეჩეში“, რომელიც სერია C-დან სერია A-ში დაწინაურდა.

2019 წელს „სპეციაში“ მიიწვიეს, სადაც ორი წლის განმავლობაში მუშაობდა.