მაურო კაბალიერო - ვიცი, რომ „ტორპედო“ საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი კლუბია #1TVSPORT
ეროვნული ლიგის 22-ე ტურში თბილისის „ლოკომოტივთან“ მოგებულ შეხვედრაში 3:1 ქუთაისის „ტორპედოს“ პორტუგალიელი ლეგიონერის, პედრო მონტეიროს დებიუტი შედგა, რომელმაც პირველ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა.
„ძალიან რთული შეხვედრა იყო, რადგან მეტოქეს დასაკარგი არაფერი ჰქონდა. პირველი ტაიმის რა ვთქვა და კარგი მეორე ნახევარი ჩავატარეთ. გამარჯვებით და ჩემი დებიუტით ბედნიერი ვარ. გუნდში ყველამ კარგად მიმიღო და ეს მახარებს. ვაგრძელებთ მზადებას, რომ მეტი გამარჯვებები მოვიპოვოთ“, – ამბობს ქუთაისელთა ცენტრალური მცველი.
ჯერ გუნდში 27 წლის პარაგვაელ თავდამსხმელს, მაურო კაბალიეროს არ უთამაშია, რომლის თქმითაც, მოსამზადებლად რამდენიმე დღე კიდევ დასჭირდება.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ნაბიჯი. (ეროვნული ლიგა) ძალიან რთული ლიგაა ევროპისთვის. ვფიქრობ, 4-5 დღე დამჭირდება რომ მოვემზადო. ქუთაისის „ტორპედო“, თავისი ისტორიით, საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი კლუბია. ეს ჩემი აგენტისგან და ინტერნეტიდან ვიცი. ბედნიერი ვარ ამ შესაძლებლობებით და ვიმედოვნებ, რომ კლუბისთვის მაქსიმალურად დავიხარჯები“, – განაცხადა მაურო კაბალიერომ.