ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ მაურისიო პოჩეტინოს შეუფერებელ ქცევაში დასდო ბრალი. ინციდენტი ტოტენჰემის მთავარი მწვრთნელის მონაწილეობით ბარნლის წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ მოხდა. არგენტინელი სპეციალისტი მატჩის მთავარ მსაჯთან მივიდა და აგრესიულად დაუპირისპირდა მას. გარდა ამისა, პოჩეტინო მატჩის მეოთხე მსაჯსაც ეკამათა.
მოგვიანებით, მწვრთნელმა აღიარა, რომ წითელი ხაზი გადაკვეთა, ირიბად მიანიშნა, რომ მსაჯს ბოდიშს უხდის და განაცხადა, რომ ფეხბურთის ასოციაციის მიერ გამოტანილ დისციპლინარულ სასჯელს არ გააპროტესტებს.
„მე მივიღებ ნებისმიერ სასჯელს, რომელსაც ასოციაცია გამომიტანს და იმედი მაქვს, რომ ისინი ძალიან შორს არ წავლენ“, – განაცხადა პოჩეტინომ.
შეგახსენებთ, რომ მატჩი, რომლის შემდეგაც ზემოხსენებული ინციდენტი მოხდა, ტოტენჰემმა 1-2 წააგო.
ასოციაციის ბრალდებაზე საპასუხოდ პოჩეტინოს ვადა 28 თებერვლამდე აქვს.