მაურისიო პოჩეტინო ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი გახდება #1TVSPORT
არგენტინელი სპეციალისტი მაურისიო პოჩეტინო მომავალი სეზონიდან ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი იქნება, – ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Sky Sports-ი ავრცელებს.
პოჩეტინოსა და „ჩელსის“ ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებები დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ მხარეებმა ყველა დეტალი შეათანხმეს.
ლონდონური კლუბი გრემ პოტერის გაშვების შემდეგ მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ლუის ენრიკესა და იულიან ნაგელსმანის კანდიდატურებსაც განიხილავდა. ამჟამად დროებითი მწვრთნელის ფუნქციას კლუბში ფრენკ ლამპარდი ასრულებს.
პოჩეტინოს სამწვრთნელო კარიერის ყველაზე წარმატებული პერიოდი „ტოტენჰემს“ უკავშირდება. არგენტინელი „დეზებს“ 2014-2019 წლებში ავარჯიშებდა. ბოლოს ის „პარი სენ-ჟერმენში“ მუშაობდა, საიდანაც გასულ ზაფხულს გაუშვეს.