მაურისიო პოჩეტინო - „ჩელსი“ ბოლო წლებში ინგლისის საუკეთესო კლუბია #1TVSPORT
ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის რანგში არგენტინელმა მაურისიო პოჩეტინომ კლუბის ტელევიზიასთან პირველი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც აღნიშნა, რომ ბოლო წლებში ინგლისის საუკეთესო საფეხბურთო კლუბი სწორედ „ჩელსია“ და სურს, გულშემატკივრებს ბედნიერება დაუბრუნოს.
„დიდი პატივია, ვხელმძღვანელობდე ისეთ გუნდს, როგორიც „ჩელსია“. ამ კლუბს კარგად ვიცნობ და ვთვლი, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. აქ გადმოსვლა ჩემთვის მარტივი იყო, გადაწყვეტილების მიღებისას ბევრი არ მიფიქრია.
შევხვდი კლუბის სტრუქტურაში მომუშავე ადამიანებს. ჩვენი მიზანია, გულშემატკივრებს ბედნიერება დავუბრუნოთ. ვიმუშავებთ ბევრს და ქომაგებს ჩვენი თამაშით სიამოვნების მიღება შეეძლებათ. „ჩელსის“ ისტორია გამარჯვებაზე დგას.
ბოლო წლებში ეს კლუბი ინგლისში საუკეთესოა. ამჟამად ახალგაზრდული შემადგენლობა გვყავს. მე და ჩემი სტაფის წევრები მათთან მუშაობის დაწყებას მოუთმენლად ველით“, – განაცხადა პოჩეტინომ.
51 წლის არგენტინელ სპეციალისტს პრემიერლიგაში დიდი გამოცდილება აქვს დაგროვებული. პოჩეტინო 2013-2014 წლებში „საუთჰემპტონს“ წვრთნიდა, ხოლო 2014 წლის ზაფხულიდან 2019 წლის შემოდგომამდე „ტოტენჰემს“ ავარჯიშებდა. ლონდონური გუნდი მან 2019 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ათამაშა.
მაურისიო პოჩეტინოს „ჩელსისთან“ კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. „არისტოკრატებს“ გასულ სეზონში – ჯერ ტომას ტუხელი, შემდეგ – გრემ პოტერი, ბოლოს კი ფრენკ ლამპარდი ავარჯიშებდა. გუნდმა პრემიერლიგაში მე-12 ადგილი დაიკავა.