ნიდერლანდების ეროვნული ნაკრებისა და ამსტერდამის „აიაქსის“ მცველი მატეის დე ლიხტი ამბობს, რომ „ერთა ლიგის“ ფინალური მატჩის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუ მასთან მივიდა და „იუვენტუსში“ გადასვლა შესთავაზა.
შეგახსენებთ, რომ მატჩი პორტუგალიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1-0 დასრულდა, რამაც 19 წლის დე ლიხტი, რომელსაც წელს ევროპის ერთ-ერთ დიდ კლუბში გადასვლას უწინასწარმეტყველებენ, გაწბილებული დატოვა. მიუხედავად ამისა, როგორც კამერებმა დააფიქსირა, მატჩის დასრულების შემდეგ რონალდუმ და ახალგაზრდა ჰოლანდიელმა რამდენიმე წამის განმავლობაში თბილად ისაუბრეს.
„თავდაპირველად ვერც კი გავიგე, რას მეუბნებოდა, შემდეგ კი ცოტათი შოკირებული დავრჩი. ამიტომ, უბრალოდ გავიცინე. თამაშს რომ წააგებ, მსგავსი თემები საერთოდ არ გაინტერესებს ადამიანს. გონებაში მხოლოდ მარცხი გიტრიალებს და არაფრის ხალისი არა გაქვს“, – უთხრა დე ლიხტმა ერთ-ერთ ჰოლანდიურ ტელევიზიას.
ფეხბურთელმა ასევე განაცხადა, რომ მომავალი გუნდის თაობაზე ფიქრით ჯერ თავს არ იწუხებს.
„სატრანსფერო პერიოდი ჯერ არ დაწყებულა, ამიტომ ახლა მხოლოდ დასვენებაზე ვფიქრობ. გაიაროს შვებულებამ და მერე ვნახოთ“, – ამბობს დე ლიხტი.
შეგახსენებთ, რომ წელს „აიაქსი“ ჰოლანდიის ჩემპიონი გახდა, ჩემპიონთა ლიგაზე კი ნახევარფინალამდე მივიდა, სადაც „ტოტენჰემ ჰოტსპურთან“ დამარცხდა.