მათე ვაწაძე - იმედია, ნაკრების ევრო 2024-ზე გასვლის შემდეგ ბავშვების აღზრდაზე მეტი რესურსი დაიხარჯება #1TVSPORT
მათე ვაწაძე იმედოვნებს, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გასვლის შემდეგ ბიზნესი ქართული საკლუბო ფეხბურთისკენ შემოტრიალდება, – ამის შესახებ „ჯვაროსნების“ ყოფილმა თავდამსხმელმა და „გაგრის“ ლიდერმა პირველ არხთან განაცხადა.
„ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების გასვლის შემდეგ იმედი მაქვს, რომ მეტი რესურსი დაიხარჯება ბავშვების აღზრდაზე, რადგან ამ ბარიერის გადალახვით გარკვეული ეტაპი გავიარეთ, შემდეგ თაობას კი მხოლოდ გასვლა აღარ დააკმაყოფილებს.
საქართველოს ნაკრების ამ წარმატებას დიდი ხანი ველოდით და ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი მიღწეულია. ახლა დროა, ეროვნულ გუნდს უკეთესი თაობები გავუზარდოთ, ეს კი კლუბების და საქართველოს ჩემპიონატის დონის გაზრდის ხარჯზე უნდა მოხერხდეს.
ამისთვის ფინანსები და კიდევ უფრო უკეთესი ინფრასტრუქტურაა საჭირო. სპონსორები თუ იქნებიან, ბევრი პრობლემა მოგვარდება და კვარაცხელიას მსგავსი მხოლოდ ერთი ტალანტი არ გაიზრდება. ვფიქრობ, საქართველოში ბევრი ნიჭიერი ბავშვია.
ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სტადიონების და მოედნის საფარის მდგომარეობა ბევრგან მოწესრიგდა, მაგრამ მასშტაბი უნდა გაიზარდოს. იმედია, ევრო 2024-ზე გასვლის შემდეგ ასეც მოხდება და ბიზნესი ქართული ფეხბურთისკენ შემოტრიალდება“, – ამბობს მათე ვაწაძე.