სეზონის ბოლოს ბათუმის „დინამოდან“ წამოსულმა მათე ცინცაძემ უარყო გავრცელებული ხმები იმის თაობაზე, რომ ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულ ქობულეთის „შუქურაში“ გადადის, – ფეხბურთელმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.
„ეს ინფორმაცია მხოლოდ ნაწილობრივადაა მართალი. ქობულეთის „შუქურაში“ თამაში ნამდვილად შემომთავაზეს, მაგრამ სხვა გუნდებიც დამიკავშირდნენ და უახლოეს დღეებში მეცოდინება, საქართელოში ვითამაშებ თუ უცხოეთში“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან მათე ცინცაძემ.
ქობულეთის „შუქურა“ 15 იანვარს შეიკრიბა და ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. გუნდი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვეს რომან ტაკიძემ, ანზორ სუხიაშვილმა, გიორგი გადრანმა, იმედა აშორტიამ, გიორგი კურმაშვილმა, დიმიტრი ტატანაშვილმა, დავით ჯიქიამ, რომან ჩაჩუამ და ტაფარელ ვინდილინომ.
რაც შეეხება ახალწვეულებს – „შუქურაში“ ჩაირიცხნენ და ამიერიდან კლუბის ღირსებას დაიცავენ – ლუკა შეროზია, გიორგი გაფრინდაშვილი, გიორგი რეხვიაშვილი, ნიკა ჭანტურია, კახა კაკაშვილი, მიშიკო სარდალიშვილი, ლევან ინგოროყვა, ამირან როხვაძე, ზურაბ მუსელიანი, ჟასინტო ჟუნიორი.
გუნდის პრესსამსახურის ცნობით, „შუქურას“ სატრანსფერო ფანჯარაზე მუშაობა ჯერ არ დაუსრულებია.