მატჩის შემდეგ | ვილი სანიოლი - ნაკრებში სამუშაო გვაქვს, რაღაცები შესაცვლელია #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მაროკოსთან გამართული ამხანაგური მატჩი (0:3) შეაფასა, რომლითაც საქართველოს ნაკრებმა 2022 წელი დაასრულა და 11-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. ფრანგი სპეციალისტის თქმით, ფეხბურთელები მაროკოსთან მატჩს სათანადოდ მომზადებულნი ვერ შეხვდნენ.
„დღეს ვეთამაშეთ ნაკრებს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატისთვის განსაკუთრებული მოტივაციით ემზადება. ჩვენი მოთამაშეები მზად არ იყვნენ უმაღლესი დონის თამაშის ჩასატარებლად, თუმცა მათ ვერ დავადანაშაულებ, მათთვის ახლა დასვენების პერიოდი იწყება, მაროკო კი მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა.
ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა, ითამაშეს ახალწვეულებმა. ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა. პირველი ტაიმი ძალიან ცუდი იყო, მეორე შედარებით უკეთესი, გოლის გატანის რამდენიმე შანსიც გვქონდა. იმედი მაქვს, მარტში ჩასატარებელი შესარჩევი ტურნირის თამაშებისთვის, ფეხბურთელები უკეთესად მოემზადებიან.
არ არის იოლი, როდესაც საქართველოდან ჩამოდიხარ და განსხვავებული კლიმატური პირობებია, ამიტომ, არ მინდა დღეს ზედმეტად ნეგატიური ვიყო. რა თქმა უნდა, გვაქვს სამუშაო, ნაკრებში რაღაცები შესაცვლელია.
წარმატებული წლის შემდეგ, როდესაც ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა და გუნდიც ბოლომდე იხარჯებოდა, დღევანდელი მარცხი განსაკუთრებით საწყენია. დარწმუნებული ვარ, მარტში განსხვავებულად წარმოვაჩენთ საკუთარ თავს” – განაცხადა ვილი სანიოლმა.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს 2023 წლის 28 მარტს, საკუთარ მოედანზე, ნორვეგიის წინააღმდეგ ჩაატარებს. ახალი წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩვენი გუნდი ამხანაგურ თამაშს გამართავს, მეტოქის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.