„მატჩ ტვ“-ის კომენტატორი - კვარაცხელია პოსტ-კარანტინული პერიოდის საუკეთესო მოთამაშეა
ტელეკომპანია „მატჩ ტვ“-ის კომენტატორმა კონსტანტინე გენიჩმა „ტვიტერის“ გვერდზე საჯაროდ დააფიქსირა საკუთარი მოსაზრება, რომ ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო მხოლოდ თავის კლუბში არ იყო.
„რუსეთის პრემიერლიგაში სეზონის განახლების შემდეგი მონაკვეთი რომ ავიღოთ, პირადად ჩემთვის ამ პერიოდის საუკეთესო მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიაა. არაორდინალური, თამამი, თანამედროვე. ჩემთვის – ის 100%-ით ზაფხულის MVP-ია,“ – წერს გენიჩი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების 19 წლის თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის „რუბინის“ წლის ფეხბურთელად აღიარეს.
კონსტანტინე გენიჩმა ამავე დროს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვის „სპარტაკის“ კაპიტანი გიორგი ჯიქია მატჩის შემდეგ ხვიჩას „ამუშავებდა“, რათა ის „სპარტაკში“ გადავიდეს.
„მართალია, მე „ინსაიდერი“ არ ვარ, მაგრამ საკმაოდ საიმედო წყარო ამბობს, რომ ჯიქიამ „რუბინთან“ მატჩის შემდეგ დაამუშავა ხვიჩა, რათა ის „სპარტაკში“ გადავიდეს. მან, რა თქმა უნდა, ის ხელმძღვანელობასთან გააგზავნა, მაგრამ, როგორც ჩანს, თავად წინააღმდეგი არა. რას იტყვით, კარგი ტრანსფერი იქნებოდა?“ – დაწერა გენიჩმა „ტვიტერზე“.
სხვათა შორის, „რუბინის“ გვერდის მიერ „სპარტაკთან“ მატჩზე მომზადებულ ვიდეომიმოხილვაშიც ჩანს, რომ მატჩის შემდეგ გიორგი ჯიქია ხვიჩა კვარაცხელიას ნამდვილად ელაპარაკებოდა.