მათ თვალები ფართოდ ჰქონდათ დახუჭული - ირანის ჩემპიონატის საუკეთესო მცველი გიორგი გველესიანი საქართველოს ნაკრების მხრიდან იგნორირებაზე წერს #1TVSPORT
გიორგი გველესიანი ირანის ჩემპიონატის 2022/23 სეზონის საუკეთესო მცველად აღიარეს და დააჯილდოვეს. 30 წლის ფეხბურთელი ამ ფაქტს „ინსტაგრამზე“ გამოეხმაურა და გულისტკივილი არ დამალა, რომ საქართველოს ნაკრებში არ იძახებენ.
„რამდენიმე დღის წინ სპარსეთის ლიგის 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო მცველის პრიზით დამაჯილდოვეს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაღალი დონის მცველები იყვნენ დასახელებული, საბედნიეროდ, ბევრმა, მათ შორის ფეხბურთის ექსპერტებმა, მიიჩნიეს, რომ ეს პრიზი მე დავიმსახურე. ეს დიდი მოტივაციაა ჩემთვის, როგორც ფეხბურთელისთვის და როგორც ადამიანისთვის, რომელიც სხვა ქვეყანაში თამაშობს.
მოტივაცია და თავდაჯერება ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, როცა არასდროს მითამაშია საკუთარი ქვეყნის ნაკრებში, 17, 19 და 21-წლამდელებშიც კი. შეიძლება, იყო დრო, როცა არ ვიმსახურებდი იქ ყოფნას, მაგრამ ისეთი პერიოდიც იყო, როცა დავიმსახურე, მაგრამ არ მიძახებდნენ და ეს ფაქტი ყოველთვის ანადგურებდა ჩემს მოტივაციას, თითქოს არ ვარსებობ, თითქოს ეროვნების გარეშე ვარ. მათ თვალები ფართოდ ჰქონდათ დახუჭული, განსაკუთრებით ახლა, როცა აზიის ერთ-ერთი უდიდესი გუნდის – „პერსეპოლისის“ წევრი ვარ!
წლიდან წლამდე პროგრესი მაქვს და ვინც მიცნობს, ხვდება, საქმეს რამდენად დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები. ყველა ფეხბურთელი ნაკრებში თამაშზე ოცნებობს და მეც ასე ვარ. ეროვნული ნაკრების წევრობა „მწვანე შუქს“ ანთებს და კარიერაში უზარმაზარ შესაძლებლობებს ხსნის. ამ სარგებლის გარეშე, გზა, რომელიც ფეხბურთელმა უნდა გაიაროს, რთული ხდება.
შესაძლოა, ელოდნენ, რომ ვითამაშებდი ევროპის ტოპ-5 ლიგაში. ვინ იცის, ალბათ შემეძლო… თუ დამეხმარებოდნენ, მაგრამ არასოდეს ცდილობდნენ.
არც ვწუწუნებ და არც მოწყალებას და მიწვევას ვითხოვ. უბრალოდ, ვაგრძელებ მუშაობას და ვაგრძელებ ჩემს ყოველდღიურობას. მადლობელი ვარ ღმერთის ყველაფრისთვის, რაც მაქვს. რამდენიმე ადამიანი გვერდში მედგა და მოტივაციას მაძლევდა, აღმედგინა თავდაჯერებულობა.
მადლობა ჩემს დიდ ოჯახს და ჩემს მეგობრებს ერთგულებისთვის. პრიზი სიმბოლურია, მაგრამ განცდა, რომ ნამუშევარი დაფასებულია, ცალსახად სასიამოვნოა. გმადლობთ დიდი მხარდაჭერისთვის“, – წერს გიორგი გველესიანი.