მასტერლიგის პრეზენტაცია „მზიურში“ - ტურნირში 12 000 ადამიანი ჩაერთო
დღეს, „მზიურში“, 20:00 საათზე მასტრელიგის პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც ქალაქის მერი კახა კალაძე, ხელისუფლებისა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.
მასტერლიგა მოყვარულ ფეხბურთელთა ტურნირია, რომელიც წელს მეორედ ტარდება – სამოყვარულო MASTER LEAGUE ააიპ „7×7-ზე ფეხბურთის ასოციაციის“ ორგანიზებით ხორციელდება და 7/7-ზე ფორმატით ტარდება.
პირველი სეზონის შემდეგ შეჯიბრება იმდენად პოპულარული და მასობრივი გახდა, წელს მასში ჩართულია მთელი ქვეყნის მაშტაბით უკლებლივ ყველა რეგიონი და 64-ვე მუნიციპალიტეტი. მსგავსი მასშტაბის ჩემპიონატი საქართველოს ისტორიაში არასდროს ჩატარებულა. მასტერლიგის მიზანი ფეხბურთის მასობრიობის ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.
მიმდინარე წელს პროექტში ჩართული გუნდების საერთო რაოდენობა არის 544, რაც ორჯერ აღემატება 2019 წელს მონაწილე გუნდების რიცხვს (შარშან პროექტში მონაწილებდა 260 გუნდი). თბილისში 44 გუნდია. 20 გუნდი ითამაშებს თბილისის MASTER LEAGUE-ში (უმაღლესი ლიგა), ხოლო 24 გუნდი – თბილისის CHALLENGE LEAGUE-ში (მეორე ლიგა). დედაქალაქში რეგისტრირებულია 1050 ადამიანი, ხოლო მთელი ქვეყნის მაშტაბით მონაწილეთა საერთო რაოდენობა აჭარბებს 12000 ადამიანს.
პროექტი ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ხოლო პროექტის პარტნიორია საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.