მასტერლიგის მსოფლიო ჩემპიონატი | ფრე ბოლო შეხვედრაში - საქართველოს ნაკრები ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა #1TVSPORT
გერმანიის ქალაქ ესენში მიმდინარე მასტერლიგის (7×7 ფეხბურთი) მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო ეტაპზე მაროკოს დაუპირისპირდა და მხოლოდ ქულა მოიპოვა – 1:1.
ამ მატჩამდე ორივე გუნდმა პლეიოფის საგზური გაინაღდა, მაგრამ გასარკვევი იყო ჯგუფის გამარჯვებული. აფრიკელები ბურთების უკეთესი (+7) სხვაობით ლიდერობდნენ და ჩვენს გუნდს (+6) მცირე უპირატესობით ასწრებდნენ. საქართველოს ნაკრებს პირველ ადგილზე გასასვლელად მხოლოდ მოგება აწყობდა.
თამაში ჩვენებისთვის უიღბლოდ დაიწყო. მე-6 წუთზე ლაშა თოთაძემ ბურთი მკერდით დაუგდო მეკარეს, რომელიც სველ მოედანზე წაიქცა და ავტოგოლით მაროკო დაწინაურდა. მე-9 წუთზე ჩვენმა ნაკრებმაც წონასწორობა ავტოგოლით აღადგინა. ლუკა ბლიაძის შესრულებული ჯარიმის შემდეგ ბურთი საკუთარ კარში უკვე მაროკოელთა კაპიტანმა, იუსუფ ტაუფიკმა ჩაჭრა და ტაიმი 1:1 დასრულდა.
მეორე ნახევარში ჩვენს კარში პენალტი დაინიშნა (ჰოკეის ბულიტივით სრულდება), მაროკოელმა ზუჰრიმ მეკარე გაგა ძიგუა დააწვინა, მაგრამ ბურთი ძელს მოარტყა და გადავრჩით. ჯეჯე ჯალიაშვილს ორჯერ შეეძლო საქართველოს დაწინაურება, მაგრამ ორივეჯერ ახლოდან მიზანს ააცილა. სახიფათო, მაგრამ უშედეგო გამოდგა ილია გადელიას დარტყმაც, მაროკოელების შეტევებიც და საბოლოოდ შეხვედრა 1:1 დასრულდა.
ჯგუფური ეტაპი საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილზე დაასრულა, ხოლო პირველზე მაროკო გავიდა. პლეი ოფში ჩვენი გუნდის მეტოქე მალე გაირკვევა.