„სახალისო საფეხბურთო სკოლების“ პროექტის მორიგი ღონისძიება საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთის სტადიონზე გაიმართა. ვარჯიშებში მონაწილეობდნენ ერგნეთის, მეღვრეკისის, ტირძნისის, ბროწოლეთის, თერგვისის და დიცის სკოლის ბავშვები. ღონისძიება უეფა-ს მასობრივი ფეხბურთის კვირეულის ერთ-ერთი ნაწილია.
უეფა-ს მასობრივი ფეხბურთის კვირეული მთელი ევროპის მასშტაბით ყოველწლიურად იმართება და მიზნად ფეხბურთის პოპულარიზაციასა და ფეხბურთში ჩართული ადამიანების რაოდენობის ზრდას ისახავს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ოლიმპიური ჩემპიონები ვლადიმერ ხინჩაგაშვილი და გენო პეტრიაშვილი და შიდა ქართლის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრე რევაზიშვილი.
კვირეულის 29 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები საქართველოს კიდევ რამდენიმე რეგიონს ესტუმრებიან.