მასობრივი ფეხბურთის კვირეული ქვედა სიმონეთსა და წყალტუბოში დასრულდა #1TVSPORT
უეფა-ს მასობრივი ფეხბურთის კვირეული საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ორი ღონისძიებით დაასრულა.
სოფელ ქვედა სიმონეთში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და უეფა-ს ერთობლივი პროექტი „ფეხბურთი სკოლებში“ გაიმართა. საფეხბურთო ფესტივალს სოფელ ქვედა სიმონეთის პირველმა სკოლამ უმასპინძლა. ასევე მონაწილეობდნენ ჩხარის, არგვეთის, სავანის, მოძვის და ჯალაურთის სკოლების მოსწავლეები. სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ ფესტივალის მონაწილეებს საჩუქრები გადასცა.
პროექტი „ფეხბურთი სკოლებში“, რომელიც მეორე წელია მიმდინარეობს და 40-მდე სკოლაა ჩართული, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება. ქართული ფეხბურთის სახლი სრულად უზრუნველყოფს სკოლებს ვარჯიშების ჩასატარებლად აუცილებელი ინვენტარით და მოსწავლეებს ფეხბურთში უფასოდ ჩართვის საშუალებას აძლევს.
მასობრივი ფეხბურთის კვირეულის ღონისძიება გაიმართა წყალტუბოში, სადაც მოყვარულთა ლიგის მატჩის დაწყებამდე საფეხბურთო ღონისძიებებში „წყალტუბოს“ და ქუთაისის „არესის“ ფეხბურთელების შვილები მონაწილეობდნენ.
უეფა-ს მასობრივი ფეხბურთის კვირეული მთელი ევროპის მასშტაბით ყოველწლიურად იმართება და მიზნად ფეხბურთის პოპულარიზაციას და ფეხბურთში ჩართული ადამიანების რაოდენობის ზრდას ისახავს.