მასობრივი ფეხბურთის კვირეული „დავით პეტრიაშვილის არენაზე“ საფეხბურთო ტურნირით დასრულდა – კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, „მამების თასი 2019“ გაიმართა, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივს“ შორის არსებული თანამშრომლობის ნაწილია და უკვე მესამედ ჩატარდა.
მთავარი პრიზისთვის 23 გუნდი იბრძოდა. მამები მწვრთნელები იყვნენ და ტურნირზე 8-12 წლის გოგონებისა და ბიჭებისგან თანაბარი რაოდენობით დაკომპლექტებული გუნდები წარმოადგინეს. ტურნირის ჩემპიონი „ატლეტიკო სუპერსტარი“ გახდა, რომელსაც ორგანიზატორებმა საგანგებო თასი გადასცეს. „მამების თასის“ ყველა მონაწილემ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან სამახსოვრო პრიზები მიიღო – მაისურები, ბურთები, ასევე 12 ოქტომბერს გასამართი ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო მატჩის, საქართველო-ირლანდიის შეხვედრის ბილეთები გადაეცათ.
ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, გამარჯვებული გუნდის წევრები საქართველო-ირლანდიის თამაშზე ნაკრების ფეხბურთელებთან ერთად მატჩის გახსნის ცერემონიაში მიიღებენ მონაწილეობას, საფეხბურთო კლუბი „ლოკომოტივი“ კი „მამების თასის“ გამარჯვებული გუნდის წევრებს საკუთარ აკადემიაში ერთი წლის განმავლობაში უფასოდ სწავლის შესაძლებლობას მისცემს.
„ტურნირის საშუალებით ბავშვებთან მამების როლი კიდევ უფრო იზრდება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქალთა ფეხბურთის განვითარება და სპორტის ამ სახეობაში რაც შეიძლება მეტი გოგონას ჩართვაა. „მამების თასი“ კი ამის ძალიან კარგი საშუალებაა, რადგან ბიჭებსა და გოგოებს ერთ გუნდში თამაშის საშუალება ეძლევათ“, – განაცხადა სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.