მასობრივი ფეხბურთის კვირეული იწყება - სფფ სოფლის მოედნების რეაბილიტაციას აგრძელებს
საქართველოში უეფა-ს მასობრივი ფეხბურთის კვირეული იწყება. ღონისძიებებს, რომლებიც 22-30 სექტემბერს გაიმართება, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (სფფ) სხვადასხვა რაიონში ჩაატარებს.
22 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უეფა-ს პროგრამა WePlayStrong Together-ის ეგიდით, 15-წლამდე გოგონათა ერთდღიანი საფეხბურთო ფესტივალი გაიმართება. ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებისა და საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მოთამაშეების მონაწილეობით სხვადასხვა სახის სავარჯიშო და გასართობი აქტივობები იგეგმება. ფესტივალში ჩართული გოგონები ივლისში გამართული საზაფხულო ბანაკის WePlayStrong Summer Camp Georgia-ს მონაწილეები არიან.
24 სექტემბერს, სფფ-ს წარმომადგენლები ცაგერის საჯარო სკოლას ესტუმრებიან და სხვადასხვა სახის სპორტულ ინვენტარს გადასცემენ. სფფ-ის პროგრამის („ფეხბურთი სკოლებში“) ფარგლებში კი წვრთნებს გადამზადებული პედაგოგი ჩაატარებს.
25 სექტემბერს, სოფლის მოედნების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სფფ-ის წარმომადგენლები ოზურგეთის რაიონი სოფელ ლიხაურის სტადიონის მოწყობაში მიიღებენ მონაწილეობას, მოსახლეობას საფეხბურთო ინვენტარს გადასცემენ და სოფლის სამოყვარულო გუნდთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ, სადაც საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებიც ითამაშებენ.
26 სექტემბერი, ტყიბულის რაიონის სოფელ გურნაში „სახალისო საფეხბურთო ღია სკოლები“ (Open Fun Football Schools) სფფ-ს წარმომადგენლები სახალისო წვრთნებში ჩაერთვებიან, რომელსაც სფფ-ს მიერ სპეციალურად ამ პროგრამისთვის გადამზადებული მწვრთნელები მართავენ. პროექტში მიმდებარე სოფლების 200-მდე ბავშვი ჩაერთვება.
26 სექტემბერი, სამტრედიის რაიონის სოფელ ჩხენიში სოფლის მოედნების რეაბილიტაციის პროექტის კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართება – სფფ-ის წარმომადგენლები ამ სტადიონის მოწყობაშიც მიიღებენ მონაწილეობას, იქაც მოსახლეობას საფეხბურთო ინვენტარს გადასცემენ და ადგილობრივებთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ.
უეფა-ს მასობრივი ფეხბურთის კვირეული 29 სექტემბერს, კვირას, 12:00 საათზე თბილისში დაგეგმილი ღონისძიებით დაიხურება: „დავით პეტრიაშვილის არენაზე“ „მამების თასის“ გათამაშება შედგენა. ეს ტურნირი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და საფეხბურთო კლუბ თბილისის”ლოკომოტივის” საერთო პროექტია და უკვე მესამედ იმართება.