მასიმო მორატი - „ინტერში“ რომ ვიყო, „ნაპოლის“კვარაცხელიაზე დავურეკავდი #1TVSPORT
„ინტერის“ ყოფილმა პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ რადიო Kiss Kiss Napoli-სთან საუბრისას კომენტარი გააკეთა „ნაპოლისა“ და მის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბებულ ხვიჩა კვარაცხელიაზე. მორატიმ აღნიშნა, რომ მის აყვანას დაუყოვნებლივ შეეცდებოდა.
„ახლა სერია A-ში და ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლი“ რაღაც განსაკუთრებულ და ლამაზ ფეხბურთს აჩვენებს. გულშემატკივრები ძალიან დიდ სიამოვნებას იღებენ და იმედოვნებენ, რომ გუნდი თამაშს იმავე სულისკვეთებით გააგრძელებს.
არ ვიცი, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს გუნდზე მსოფლიო ჩემპიონატმა, მაგრამ თუ „ნაპოლი“ მოახერხებს და ახლანდელ ენთუზიაზმს შეინარჩუნებს, ეს სერიოზული საჩემპიონო განაცხადი იქნება, დღევანდელი გადასახედით კი „ნაპოლი“ ამას იმსახურებს.
კვარაცხელია? ახლა „ინტერში“ რომ ვყოფილიყავი, დე ლაურენტისს დავურეკავდი, რათა ეს ბიჭი მეყიდა. მაგრამ ვიცი, რომ უარს იტყვის. მან ყველაფერი ქართულად იცის, ნიჭიერია.
კვარაცხელია თუ სანდრო მაცოლა? სანდროს დასარტყმელად სივრცე არ სჭირდებოდა. ისინი განსხვავებული სტილის მოთამაშეებად მიმაჩნია, მაცოლა განუმეორებელია. ქართველი განსხვავებულია, მაგრამ ნებისყოფა აქვს. „ნაპოლის“ ასევე შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება, თუ შეინარჩუნებს ამ ენთუზიაზმს“, – ამბობს მასიმო მორატი.
კორპორაცია „სარასის“ თანამფლობელი, იტალიელი ნავთობმაგნატი მასიმო მორატი საფეხბურთო კლუბ მილანის „ინტერის“ ყოფილი მფლობელი და პრეზიდენტია (1995-2004 და 2006-2013).
მისი ხელმძღვანელობის პერიოდში „ინტერი“ ისტორიაში გამორჩეულად წარმატებული იყო. მილანელებმა მოიგეს იტალიის ჩემპიონატი (5-ჯერ), იტალიის თასი (3) და იტალიის სუპერთასი (3), გახდნენ ჩემპიონთა ლიგის (2010 წელს), უეფა-ს თასისა (1998) და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულები (2010).
მორატის წყალობით, გუნდში თამაშობდნენ მსოფლიო ვარსკვლავები – ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რონალდო, ადრიანო, კრისტიან ვიერი, ფიგუ, ხუან სებასტიან ვერონი და ა.შ.